თავდასხმა გიორგი კირთაძეზე

გიორგი კირთაძესა და ჟურნალისტებს ფორმულას პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი კირთაძესა და ფორმულას ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ჩართვისას უცნობი პირი თავს დაესხა და კვერცხები ესროლა. 

"შენ გიორგი კირთაძე ხომ ხარ? სახელი კი არა, ქვეყნის მოღალატე ხარ. რაები გააკეთე... არავის არ გამოვუშვივარ, ქვეყნის მოქალაქე ვარ, რა სახელი, ბიჭო... მოღალატე... რა განცხადებას აკეთებ, მოღალატე!". - მიმართა მან კირთაძეს.  

როგორც კადრებში ჩანს, კვერცხების სროლის შემდეგ კირთაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ფორმულას ჟურნალისტს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ჟურნალისტი ყვება, დაპირისპირებაში ჩაერთნენ პუტინისტური ალტ-ინფოს ოფისში მყოფი პირებიც, რომლებმაც მხარი თავდამსხმელს დაუჭირეს.

"მთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ ამით არის დაკავებული, ეს ხომ ფაქტია. ინტერვიუს ვაძლევდი, ვსაუბრობდით, მათ შორის, შიდაპარტიულ არჩევნებზე და ასე მოგვივარდა ადამიანი, რომელმაც ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და კვერცხების სროლით სცადა ჩვენი ინტერვიუს ჩაშლა და შეურაცხყოფის მოყენება. ლაჩრულად, შორიდან კვერცხების სროლით სცადა, რომ რაღაცა დაედგა. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რაც ხდება ამ ქვეყანაში - ასეთი ადამიანის პოვნა ბათუმში უჭირდათ, როგორც ჩანს, ერთი აღმოაჩინეს. იპოვეს ადამიანი, რომელიც ზრდილობის ყველა ზღვარს გადავიდოდა და ასეთ საქციელს ჩაიდენდა. ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან. 

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს? ეს, შეიძლება, კონკრეტულ ადამიანებს არ ეხება, მაგრამ ის, რომ ამათი [პოლიციელების] ხელმძღვანელები ჩართული არიან ამ ტიპის პროვოკაციების დადგმაში, ხომ ყველამ კარგად ვიცით" - თქვა კირთაძემ თავდასხმის შემდეგ.  

ტაბულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები