თავდასხმა გიორგი კირთაძეზე

ევროპელები თავდასხმაზე: საუკეთესოდ გამოხატავს ივანიშვილის ავტოკრატიის სახეს

ევროპული საქართველო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრზე, გიორგი კირთაძესა და ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიის შეფასებით, მომხდარი "საუკეთესოდ გამოხატავს ივანიშვილის ავტოკრატიის სახეს". 

"გიორგი კირთაძასა და ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმა საუკეთესოდ გამოხატავს ივანიშვილის ავტოკრატიის სახეს.

რეჟიმი წლებია მის მიერ დაფინანსებული და ორგანიზებული მოძალადეებით ცდილობს შექმნას განცდა, რომ დაქირავებული წვრილფეხა მოძალადეები ქართულ საზოგადოებას გამოხატავენ, რომ ძალადობისა და ზიზღის კლიმატი ქართულ სახელმწიფოს განასახიერებს. ეს ამაზრზენი სურათი პირდაპირ ივანიშვილის რეჟიმის შემოქმედებაა და ის მასთან ერთად უნდა დავასრულოთ". - წერია განცხადებაში.  

დღეს, 19 დეკემბერს, გიორგი კირთაძესა და ფორმულას ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ჩართვისას უცნობი პირი თავს დაესხა და კვერცხები ესროლა. როგორც კადრებში ჩანს, კვერცხების სროლის შემდეგ კირთაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ფორმულას ჟურნალისტს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი ყვება, რომ დაპირისპირებაში ჩაერთნენ პუტინისტური ალტ-ინფოს ოფისში მყოფი პირებიც, რომლებმაც მხარი თავდამსხმელს დაუჭირეს.  

"ინტერვიუს ვაძლევდი, ვსაუბრობდით, მათ შორის, შიდაპარტიულ არჩევნებზე და ასე მოგვივარდა ადამიანი, რომელმაც ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და კვერცხების სროლით სცადა ჩვენი ინტერვიუს ჩაშლა და შეურაცხყოფის მოყენება. ლაჩრულად, შორიდან კვერცხების სროლით სცადა, რომ რაღაცა დაედგა. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რაც ხდება ამ ქვეყანაში - ასეთი ადამიანის პოვნა ბათუმში უჭირდათ, როგორც ჩანს, ერთი აღმოაჩინეს. იპოვეს ადამიანი, რომელიც ზრდილობის ყველა ზღვარს გადავიდოდა და ასეთ საქციელს ჩაიდენდა. ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან". - თქვა კირთაძემ.  

კომენტარები