თავდასხმა გიორგი კირთაძეზე

"ოცნება თავისუფალ აზრს ბოლშევიკური მეთოდებით ებრძვის" – მელია კირთაძეზე თავდასხმაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ბათუმში პარტიის წევრზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ეხმაურება. მელია ამბობს, რომ  ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპონენტებს თავს რუსული ბოლშევიკური სულისკვეთებით ესხმის და ცდილობს, ისინი ფიზიკურად გაანადგუროს.  

ნიკა მელიას შეფასებით, გიორგი კირთაძე არის ახალი პოლიტიკური ლიდერი, რომლის მიმართაც წყენა და შუღლი ვერავის ექნება. მისივე სიტყვებით, მსგავსი თავდასხმები საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორმა ვერ გახდება და ყველა თავდამსხმელი პასუხს აგებს. 

"ოლიგარქის ხელისუფლება ყალბ და ეფემერულ მშვიდობაზე საუბრობს საქართველოს დაუძინებელი მტრის, რუსეთის იმპერიის მიმართ და ამის პარალელურად თესავს არეულობას, მტრობას საქართველოში. საქართველოს მოქალაქეებს უპირისპირდება რუსული და ბოლშევიკური მეთოდებით, რუსეთის დავალებით ებრძვიან თავისუფლებას და თავისუფალი აზრისა და ქმედების ნებისმიერ გამოვლინებას. რუსული ბოლშევიკური სულისკვეთებით თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ცდილობენ, ფიზიკურად გაანადგურონ რეჟიმისადმი დაუმორჩილებელი ადამიანები. ყოველდღიურად გვეუბნებიან, რომ მათი გაგებით მშვიდობა არის მონობა და თუ არ ვიქნებით ჩუმად, მოგვექცევიან ისე, როგორც ოპონენტებს მხოლოდ რუსეთში ექცევიან და არა მხოლოდ ოპონენტებს. აწამებენ ქვეყნის მე-3 პრეზიდენტს, გამოცხადებული აქვთ სიკვდილის ქრონიკა და ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ. ამასვე ემსახურებოდა ასევე პირდაპირ ეთერში ბათუმში დღეს ნანახი კადრები. 

არ გაბედო წინააღმდეგობა, არ გაბედო ბრძოლა და არც კი იფიქრო გამარჯვება - სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა დღეს გიორგი კირთაძეზე თავდასხმა, ადამიანზე, რომელიც არის ახალი პოლიტიკური ლიდერი, კონკრეტული ხედვებით, თუ როგორი უნდა იყოს ბათუმი, აჭარა და საქართველო - თავდასხმა ადამიანზე, რომლის მიმართაც ვერავის ექნება ვერანაირი წყენა და შუღლი, თავდასხმა ადამიანზე, რომელმაც დაამარცხა ოცნება მერის არჩევნებში უპრეცედენტო ზეწოლის, დევნისა და გაყალბების პირობებში. ეს არის სახელმწიფოს მართვის  რუსული მეთოდი, როდესაც ხალხისთვის სათქმელი აღარაფერი აქვს უკვე დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილს, გარდა ასეთი აგრესიული ქმედებებისა და ქცევებისა. ყველას უნდა ახსოვდეს, მსგავსი ქმედებები ვერასდროს გახდება მისაღები ნორმა საქართველოს მოქალაქეებისათვის, იმიტომ, რომ საუკუნეების სწრაფვა, ისევე, როგორც ქვეყნის მომავალი, არის ევროპული და ასეთი ქმედებებისთვის ყველა დამნაშავე აგებს პასუხს. ასეთი საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, თუმცა, საქართველო ვერც ისეთი გახდება, რასაც ოლიგარქი ცდილობს, რომ შეგვაგუოს. ქვეყანაში, სადაც მისწრაფება არის ევროპული, რუსული იდეოლოგია და მისი მთავარი ინსტრუმენტი, ოლიგარქი ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება და დამარცხებისთანავე დაისჯება ყველა მოძალადე და თავდამსხმელი". - ამბობს ნიკა მელია.  

დღეს, 19 დეკემბერს, გიორგი კირთაძესა და ფორმულას ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ჩართვისას უცნობი პირი თავს დაესხა და კვერცხები ესროლა. როგორც კადრებში ჩანს, კვერცხების სროლის შემდეგ კირთაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ფორმულას ჟურნალისტს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი ყვება, რომ დაპირისპირებაში ჩაერთნენ პუტინისტური ალტ-ინფოს ოფისში მყოფი პირებიც, რომლებმაც მხარი თავდამსხმელს დაუჭირეს.  

"ინტერვიუს ვაძლევდი, ვსაუბრობდით, მათ შორის, შიდაპარტიულ არჩევნებზე და ასე მოგვივარდა ადამიანი, რომელმაც ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და კვერცხების სროლით სცადა ჩვენი ინტერვიუს ჩაშლა და შეურაცხყოფის მოყენება. ლაჩრულად, შორიდან კვერცხების სროლით სცადა, რომ რაღაცა დაედგა. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რაც ხდება ამ ქვეყანაში - ასეთი ადამიანის პოვნა ბათუმში უჭირდათ, როგორც ჩანს, ერთი აღმოაჩინეს. იპოვეს ადამიანი, რომელიც ზრდილობის ყველა ზღვარს გადავიდოდა და ასეთ საქციელს ჩაიდენდა. ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან". - თქვა კირთაძემ. 

კომენტარები