საგარეო ვაჭრობა

საქსტატი: საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა $2 მილიარდზე მეტია – იმპორტი 73.1%-ით გაიზარდა 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $17.018 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $5.037 მილიარდს შეადგენს (31.8%-ით  გაიზარდა), ხოლო იმპორტი $11.981 მილიარდია (32.4%-ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით).

იანვარიდან ნოემბრამდე რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 49.2%-ით გაიზარდა და $2 205 778 600 შეადგინა. ამ მონაცემების საფუძველზე, თურქეთის შემდეგ, მოსკოვი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის პოზიციას იკავებს. 

2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: 

  • ჩინეთი  $660.7 მილიონი (16.1%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით);
  • რუსეთი  $597.9 მილიონი (8.9%-იანი ზრდა);
  • აზერბაიჯანი  $595.5 მილიონი (21.9%-იანი ზრდა).

2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.3% შეადგინა. პირველი სამეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • თურქეთი  $2 143.2 მილიონი (33.3%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით); 
  • რუსეთი  $1 607.8 მილიონი (73.1%-იანი ზრდა);
  • ჩინეთი  $1 017.7 მილიონი (28.7%-იანი ზრდა).

საქსტატის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტი $1 391.1 მილიონი და შესაბამისად, მთელი იმპორტის 11.6%-ია. რაც შეეხება საექსპორტო ათეულს, ამავე დროით პერიოდში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა $932.9 მილიონით დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 18.5%-ს შეადგენს. 

კომენტარები