Twitter

TWITTER-მა ჟურნალისტების დაბლოკილი ანგარიშები აღადგინა

მილიარდერ ბიზნესმენ ილონ მასკის თქმით, რამდენიმე ჟურნალისტს, რომელთაც მასკის მფოლებლობაში არსებული სოციალური მედია Twitter-ზე წვდომა დაებლოკათ, ანგარიშები აღუდგებათ.

დაბლოკილებს შორის New York Times-ის, CNN-ისა და Washington Post-ის რეპორტიორები მოხვდნენ. ჟურნალისტებს ანგარიშები დაებლოკათ მას შემდეგ, რაც მასკმა ისინი თავისი მდებარეობის გაზიარებაში დაადანაშაულა.

მზარდი კრიტიკის ფონზე მასკმა Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტით იკითხა, როგორ მოქცეულიყო.

3,6 მილიონიდან 59%-მა ანგარიშების დაუყოვნებლივ აღდგენას მისცა ხმა.

"ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. ანგარიშებს, რომლებმაც გაასაჯაროვეს ჩემი მდებარეობა, მოეხსნებათ ბლოკი", - დაწერა მან.

აკრძალვა ევროკავშირმა და გაერომ დაგმეს.

"Twitter-ზე ჟურნალისტების ანგარიშების თვითნებურად შეჩერების შესახებ ამბები შემაშფოთებელია. ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი მედიის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას გულისხმობს. ილონ მასკმა ამის შესახებ უნდა იცოდეს. არსებობს წითელი ხაზები, და ასევე, სანქციებიც, თანაც, მალე".-დაწერა ევროკომისარმა ვერა ჟუროვამ.

თუმცა, ერთ-ერთი ცნობილი ანგარიში, ElonJet-ი კვლავ დაბლოკილია. ანგარიშის მფლობელი ჯეკ სუინი იყენებდა მიმდინარე ფრენების საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რათა შემდეგ Twitter-ზე დაეწერა ილონ მასკის ადგილსამყოფელი. მასკმა ანგარიში დაადანაშაულა ინციდენტში, როდესაც მისი შვილის მანქანას დაეჯახნენ.

მილიარდელმა პირობა დადო, რომ როგორც სუინის, ისე მისი მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებდა. 

Twitter-ის ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ელა ირვინმა განმარტა, რომ, დაბლოკვები უკავშირდებოდა ახალი წესის ამოქმედებას, რომელიც პლატფორმაზე სხვა ადამიანის მარშრუტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს.

"ანგარიშების დაკონკრეტების გარეშე, შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ შევაჩერებთ ნებისმიერს, რომელიც არღვევს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და საფრთხეს უქმნის სხვა მომხმარებლებს. ჩვენ არ დავუშვებთ გამონაკლისს ჟურნალისტებისთვის, ან სხვა ანგარიშებისთვის". - აღნიშნა ირვინმა. 

კომენტარები