Twitter

ჟურნალისტების ანგარიშების დაბლოკვის პასუხად, EU-მ მასკს შესაძლოა სანქციები დაუწესოს

REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File Photo

ევროკავშირმა Twitter-ის მფლობელს, ილონ მასკს შესაძლოა სანქციები დაუწესოს მას შემდეგ, რაც რამდენიმე ჟურნალისტს, რომლებიც მასკის შესახებ წერდნენ, Twitter -ის ანგარიშები დაუბლოკეს.

მათ შორის მოხვდნენ New York Times-ის, CNN-ისა და Washington Post-ის ჟურნალისტები. 

ევროკომისარმა ვერა ჟუროვამ თქვა, რომ ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი მედიის თავისუფლების პატივისცემას მოითხოვს. 

"Twitter-ზე ჟურნალისტების ანგარიშების თვითნებურად შეჩერების შესახებ ამბები შემაშფოთებელია. ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი მედიის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას გულისხმობს. ილონ მასკმა ამის შესახებ უნდა იცოდეს. არსებობს წითელი ხაზები, და ასევე, სანქციებიც, თანაც, მალე". - წერს ჟუროვა. 

მასკის განმარტებით, ანგარიშები, სადაც კერძო პირების შესახებ პირადი ინფორმაცია ვრცელდებოდა, დროებით, 7 დღით დაიბლოკება. 

"იგივე წესები ვრცელდება როგორც "ჟურნალისტებზე", ისე ყველა სხვა დანარჩენზე". - წერს მასკი. 

რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომლებიც ილონ მასკის შესახებ წერდნენ, Twitter-ის ანგარიშები დაუბლოკეს. 

Twitter-ის ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ელა ირვინის განმარტებით, დაბლოკვები უკავშირდება ახალი წესის ამოქმედებას, რომელიც პლატფორმაზე სხვა ადამიანის მარშრუტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს.

"ანგარიშების დაკონკრეტების გარეშე, შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ შევაჩერებთ ნებისმიერს, რომელიც არღვევს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და საფრთხეს უქმნის სხვა მომხმარებლებს. ჩვენ არ დავუშვებთ გამონაკლისს ჟურნალისტებისთვის, ან სხვა ანგარიშებისთვის". - აღნიშნა ირვინმა. 

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში Twitter-ზე წვდომა შეეზღუდა ჟურნალისტ ჯეკ სუინს, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის მარშრუტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა. 

ამის შემდეგ მასკმა პირობა დადო, რომ როგორც სუინის, ისე მისი მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებს. 

კომენტარები