Twitter-ის ვერიფიცირებული ანგარიშები, რომლებიც თავიანთი კონტენტის პოპულარიზაციისთვის ფულს იხდიან, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, ონლაინ მედიაში შეცდომაში შემყვანი არაერთი პოსტი გავრცელდა საფრანგეთში ბოლოდროინდელი არეულობების შესახებ, მაგრამ გასულ კვირას გავრცელებული ერთი პოპულარული პოსტი ფოკუსირებული იყო აშშ-ს სამხედრო დახმარებაზე უკრაინაში.
"საფრანგეთის პოლიციას ესვრიან ამერიკული თოფებით, რომლებიც შესაძლოა უკრაინიდან მოდიოდეს."- ეწერა გავრცელებული სტატიის სათაურში.
პოსტი რამდენიმე ვერიფიცირებულმა ანგარიშმა გააზიარა და მან მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
BBC-ის ინფორმაციით, პოსტი კრემლის გავლენის მქონე ტელეგრამის არხებიდან გავრცელდა.
სურათი, რომელიც სტატიაში იყო გამოყენებული, პირველად 2012 წელს რუსულ ბლოგში გამოჩნდა. ის მოსკოვის გარეუბანში სასწავლო სამხედრო მოედანზე არის გადაღებული.