ხაჭაპურის ინდექსი

იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯები ერთ წელში 28%-ით გაიზარდა

flickr.com

ISET-PI-ს ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, 2022 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.39 ლარი იყო. ეს 2.7%-ით ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელზე და 28.1%-ით მეტია 20221 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

2021 წლის ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი გაზრდილია. ამ თვეში ხაჭაპურის ინდექსის ინფლაციის ძირითადი მიზეზი ყველი იყო, რომლის ფასიც 27.8%-ით არის მომატებული.

"მართალია, გაზრდილი ინდექსის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გაზრდილი ყველის ფასი იყო, თუმცა ყველაზე მეტად ფქვილის ფასი (+46.1%) გაიზარდა. ფასები გაიზარდა სხვა ინგრედიენტების შემთხვევაშიც: კვერცხი (+38.9%), კარაქი (+22.7%), რძე (+13.9%), საფუარი (+13.0%)" - აღნიშნავს ISET-PI.

ხაჭაპურის ინდექსი ყოველთვიურად ქვეყნდება და ის ქართული ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯებს ასახავს.  ინდექსზე გავლენას ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონე ახდენს, რომელიც ამჟამად 12.8%-ია. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა. 

კომენტარები