ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის სტატია OSTWEST MONITORING-ზე გამოქვეყნდა.

ისტორია მოწმეა, რომ, როგორც წესი, პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავს, რომელ მსხვერპლს თანავუგრძნოთ და რომელი დავივიწყოთ.

ეს სტატია დავიწყებულ მსხვერპლს ეხება.

თუკი დღეს თავისუფალი სამყარო ძალიან დიდ რესურსს და ძალისხმევას ხარჯავს, რომ პუტინის სისხლიანი რევიზიონიზმი შეაკავოს, გასული 30 წლის მანძილზე ის იკვებებოდა ილუზიით, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირი აღარაა და საერთაშორისო წესრიგს საფრთხეს ვეღარ შეუქმნის.

“ესენი [რუსეთი] თუ საქართველოში არ შევაჩერეთ, ხვალ უკრაინაში იქნებიან“ — ღაღადებდნენ უდაბნოსა შინა ის უკრაინელები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად 1992-1993 წელს აფხაზეთში იბრძოდნენ.

„...რუსეთის ზოგიერთი უმაღლესი ჩინის სამხედროთა მოქმედება და რუსეთის პარლამენტის პოლიტიკა ჩვენ გვაძლევს უფლებას, ვამტკიცოთ, რომ კარგად კოორდინირებულ და სინქრონიზებულ შემოტევასთან გვაქვს საქმე, მე მინდა, მსოფლიომ შეიგნოს: აფხაზეთი სისხლიანი რევანშის ბრძოლის ველია....

ნუ დაუშვებთ საზარელ დანაშაულს, შეაჩერეთ პატარა ქვეყნის დასჯა, იხსენით ჩემი ხალხი იმპერიული რეაქციის კოცონზე დაწვისგან. მსოფლიოს უფლება არ აქვს, შეურიგდეს ერთ-ერთი უძველესი ხალხის, დიდი კულტურის შემოქმედისა და მაღალი სულიერი ტრადიციების ქვეყნის მოსპობას...

მინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს, რადგან კაცობრიობა ბედნიერი ვერ იქნება, მშვიდად ვერ ისარგებლებს მშვიდობის სიკეთით, სანამ დაღუპვის საფრთხე ელის თუნდაც ერთს, დაე, ყველაზე მცირერიცხოვან ხალხს...“ — ამაოდ მიმართავდა ედუარდ შევარდნაძე საერთაშორისო თანამეგობრობას 1993 წლის 18 სექტემბერს, სოხუმის დაცემამდე 9 დღით ადრე.

ქართველების და უკრაინელების ხმა 90-იან წლებში ბოროტების იმპერიაზე გამარჯვების ეიფორიაში ჩაიკარგა — დასავლეთი არ იყო მზად, ცივ ომში დამარცხებული რუსეთი პოტენციურ საფრთხედ დაენახა, კრიზისში მყოფი საქართველოს ძალისხმევა დასუსტებული რუსეთის შეჩერებას არ ეყო.

მაშინ მოსკოვმა, მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი ჯგუფების — ომის წინ სახელდახელოდ შექმნილი მთის ხალხთა კონფედერაციის, რუსეთში დაქირავებული ბანდების და ავიაციის გამოყენებით, იოლად მოახერხა აფხაზეთის ოკუპაცია და რეგულარული არმიის მეშვეობით სრულმასშტაბიანი ინტერვენცია არ დასჭირვებია. საგულისხმოა, რომ 1993 წლის 27 ივლისს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის პროცესს რუსეთის მაშინდელი საგანგებო სიტუაციების მინისტრი და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა — შეთანხმება დაირღვა, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და ქართველებისგან სრულად გაწმენდილ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ჯარი სამშვიდობო სტატუსით განლაგდა.

აფხაზეთში დაიღუპა 5738 ადამიანი, მათ შორის 800-მდე ქალი და 50 ბავშვი. უგზოუკვლოდ დაიკარგა 300. ეთნიკური ნიშნით განადგურებას გამოექცა 250 ათასამდე ადამიანი.

სამშვიდობო სტატუსს რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ინარჩუნებდა. საქართველოს ხელისუფლება 2005 წლიდან ცდილობდა ფორმატის ცვლილებას, მაგრამ დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ხოლო მის მიერ სამშვიდობო სტატუსის გაუქმების ინიციატივას, 2008 წლის გაზაფხულზე, სტრატეგიული პარტნიორების ელჩების მხრიდან დემარში მოჰყვა — საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯს დასავლეთის დედაქალაქებში პროვოკაციულად მიიჩნევდნენ და ხელისუფლებამ ამჯობინა, მოკავშირეების აზრი გაეთვალისწინებინა. ცალკე მსჯელობის საკითხია, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ასე მივედით აგვისტოს ომამდე.

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, პუტინს უკვე ჰქონდა გაცხადებული თავისი გეოპოლიტიკური მიზანი — ისტორიის რევიზია და საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენის აღდგენა, დასავლეთის დედაქალაქებში რუსეთთან ურთიერთობების გართულება იმდენად არ სურდათ, რომ პუტინის განზრახვას სერიოზულად არ იღებდნენ. ამიტომაც ვერ გაუძლეს მსხვერპლისთვის ბრალის განაწილების ცდუნებას — „ცხელთავიან“ ქართველებს გვისაყვედურეს პროვოკაციაზე წამოგება და ამ „შეცდომას“ დააბრალეს რუსეთის არმიის მხრიდან სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, თავადვე ადასტურებდნენ, რომ რუსეთის რეგულარული არმია ქართული ჯარის შეტევის დაწყებამდე იყო შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე.

90-იანი წლებისგან განსხვავებით, 2008 წელს საერთაშორისო ყურადღება გაცილებით მასშტაბური იყო. რუსული ბომბების ხმაურში, ქართველ ხალხს ევროპელი პრეზიდენტები ამხნევებდნენ დედაქალაქის მთავარი გამზირიდან. ომი ხუთ დღეს გაგრძელდა და ბევრი ქართველის ცნობიერებაში 13 აგვისტოს, ჯორჯ ბუშის ბრიფინგით დასრულდა — შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყების შესახებ გვამცნო, რომელსაც თავდაცვის მინისტრი, რობერტ გეითსი ხელმძღვანელობდა. ბუშის განცხადებიდან 1 საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა.

სტატია სრულად წაიკითხეთ Ostwestmonitoring-ზე.

კომენტარები