აზერბაიჯანი

ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო ექსპლუატაციის გამო აზერბაიჯანმა რუსეთს ნოტა გაუგზავნა

მთიან ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო ექსპლუატაციის გამო აზერბაიჯანმა რუსეთს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს

სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, აიხან ჰაჯიზადემ თქვა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ მიმართა სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობას, თავიდან აიცილოს ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაცია იმ ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული.

"ხშირ შემთხვევაში, აზერბაიჯანული მხარის ეს მიმართვები უპასუხოდ რჩებოდა და ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციის აღსაკვეთად არანაირი ღონისძიება არ გატარებულა. ჩვენი ინფორმაციით, ეს განსაკუთრებით ეხება კიზილბულაგის ოქროს და დემირლის სპილენძ-მოლიბდენის საბადოებს". - თქვა მან. 

ჰაჯიზადემ აღნიშნა ისიც, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენლებს კიზილბულაგისა და დემირლის საბადოების ტერიტორიაზე არ უშვებენ. 

"რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების შესაბამისადაა განლაგებული, თითოეული ქმედებით, ზედმიწევნით უნდა დაიცვას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა". - თქვა ჰაჯიზადემ.

კომენტარები