ენმ

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას თქმით, პარტიის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. არჩევნები ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.

არჩევნების ფორმატის გადაწყვეტილებამ ენმ-ს პოლიტსაბჭოში მხარდაჭერის 69 ხმა მიიღო, ხოლო 1 წინააღმდეგი იყო. კობა ნაყოფიას თქმით, მას არ ახსოვს, თუ ვინ იყო წინააღმდეგი, თუმცა, მისი თქმით, ეს არ ყოფილა თავმჯდომარეობის არცერთი კანდიდატი. რაც შეეხება არჩევნების თარიღის დანიშნვას, 28-29 იანვრის ვარიანტმა სრული მხარდაჭერა მიიღო.

შიდა არჩევნების კანდიდატთა რეგისტრაცია 13 დეკემბერს, 18:00-ზე შეწყდება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ნოემბრიდან ითხოვს. პარტიის წევრების ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ ენმ-ს "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება".

ამჟამად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი და აქტივისტი გიორგი მუმლაძე. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა.

ენმ-ს გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში დასდო ბრალი.

გიორგი მუმლაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი "უუნარო მელიას ჩამოცილებაა". მუმლაძე ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები გაიხსნება".

ლევან ხაბეიშვილი აზრით, ენმ-ს "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია. თავდაპირველი უარყოფის მიუხედავად, 16 ნოემბერს ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ისიც აყენებს.

კომენტარები