2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

ამერიკელთა უმრავლესობას არ სურს ბაიდენმა და ტრამპმა მეორე ვადით იყარონ კენჭი – კვლევა

CNN

The Hill-ის ინფორმაციით, ახალი კვლევის თანახმად, დემოკრატ ამომრჩეველთა უმრავლესობას არ სურს, რომ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მეორე ვადისთვის იბრძოლოს.

CNBC All-America Economic Survey-მა დაადგინა, რომ დემოკრატების 57 პროცენტს არ სურს ბაიდენის ხელახლა კენჭისყრა. იმას იზიარებდა გამოკითხულ ამერიკელთა 70%, დამოუკიდებელ ამომრჩეველთა 66% და რესპუბლიკელების კი 86%.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლების აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც გასულ თვეში 2024 წლისთვის საკუთარი კანდიდატურა დააყენა, კვლავ იყაროს კენჭი. გამოკითხულთა 61 პროცენტს, მათ შორის რესპუბლიკელების 37%-ს, დამოუკიდებელ ამომრჩეველთა 61%-სა და დემოკრატების 88%-ს არ სურს ტრამპმა მეორე ვადით იბრძოლოს.

გამოკითხვამ დამატებით აჩვენა, რომ ბაიდენის მოწონების რეიტინგი ოქტომბერში 46 პროცენტიდან ამ თვეში 41 პროცენტამდე დაეცა, ხოლო მის მიმართ უარყოფითი რეიტინგი 50 პროცენტიდან 54 პროცენტამდე გაიზარდა.

ბაიდენი, მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილებას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საშობაო არდადეგებზე მიიღებს. მან, მანამდე, რამდენიმეჯერ თქვა, რომ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალი წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ.

აქვე, გასათვალისწინებელია, რომ ბაიდენი შედარებით ძლიერ პოზიციაშია, რადგან დემოკრატებმა 2022 წლის შუალედურ არჩევნებში მოსალოდნელზე კარგი შედეგი აჩვენეს: გაზარდეს სენატორთა რაოდენობა, წარმომადგენელთა პალატაში კი უმრავლესობა მცირედით დაკარგეს.

თუმცა, ბაიდენი უკვე არის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი, იგი გასულ თვეს 80 წლის გახდა. იმ გამოკითხულთა უმრავლესობამ, რომელიც პრეზიდენტის მეორე ვადისთვის ბრძოლას არ ემხრობა, მთავარ მიზეზად მისი ასაკი დაასახელა. 

კვლევის ცდომილების ზღვარი 3.5%-ია. 

მანამდე, ჰარვარდის CAPS/Harris-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც The Hill-მა გამოაქვეყნა, ამომრჩეველთა 20%-მა შუალედურ არჩევნებში ყველაზე მეტად დამარცხებულად დონალდ ტრამპი დაასახელა.

შედეგები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ტრამპის რამდენიმე კანდიდატმა ამ თვის დასაწყისში წარუმატებლობა განიცადა, რამაც გაზარდა განცდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი პარტიაში გავლენას კარგავდა. 

კომენტარები