უკრაინაში მებრძოლი ქართველები

ჩემი შვილი არავის წაუყვანია, რა გვჭირს ვინმეს წასაყვანი – ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილს

"იგი [ომში] არავის წაუყვანია, ან რა გვჭირს ვინმეს წასაყვანი" - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმურება. 

"მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ, უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე, უბრალოდ, ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოულ სიტყვაზე...

არ მინდოდა მეთქვა, ან რა სათქმელია, უბრალოდ, იცოდეთ: ჩემი შვილი როცა ომი დაიწყო თბილ მიუნჰენში იყო, დილის 9-ზე დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა... უბრალოდ ვთხოვე, დამლოდებოდა ვარშავაში, არ დამელოდა და იმ კიევში შევიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას, მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა... იგი არავის წაუყვანია, ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი...

მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა, რაზეც, ვფიქრობ, პირუთვნელად იარა..." - წერს ის.  

დღეს, 5 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში "ომის პარტიას" მიჰყავს. 

ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში 1-ელ დეკემბერს დაიღუპა. 

კომენტარები