უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

სარჯველაძე: გარდაცვლილების სულებისთვის პატივისცემა იქნება, თუ ომში ჩათრევას ავირიდებთ

არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების, ამავდროულად ჩვენი თანამოქალაქეების მცდელობებს, ეს ტრაგედიები რაღაცნაირად ისე შეფუთონ, რომ პოლიტიკური ზრახვებისთვის ძალიან ცუდად და ჩემი აზრით, არასწორად გამოიყენონ. არასწორად იმიტომ, რომ აშკარად ჩანს, ემოციებით თამაშით ყველაფერი იქით მიდის, რომ ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი ამ ქვეყნის რაღაცნაირად ომის მხარედ ქცევის მცდელობების მეორე ტალღას ემსგავსება, რაც ძალიან ცუდი საყურებელია. ეს აბსოლუტურად უკადრებელი რამ არის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გლოვა და სამძიმრის გამოხატვა ისეთი რამ არ არის, რომელსაც ფორმალიზება სჭირდება. გადმოსვენებაში დახმარება, სამხედრო პატივით დაკრძალვა, ვინ, როდის და რამდენჯერ მოვიხსენიებთ ლოცვებში გარდაცვლილების სულებს, თუ საერთოდ ვინმე მოიხსენიებს თუ არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რისი გაზომვითაც დაკავებული უნდა ვიყოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გაეცეს იმ მცდელობებს, რომ რაღაცნაირად ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური ამბავი შეიქმნას და ვინმემ ამ უმძიმესი ტრაგედიებით ქულები დაიწეროს. ქულები დაიწეროს იმიტომ ვამბობ, რომ ყველა ხვდება, როდესაც მოხალისეებზეა ლაპარაკი, ზესახელმწიფოების ხელმძღვანელებიც კი, რომლებიც მათ შორის უკრაინას იარაღით ეხმარებიან და საქართველოსგან განსხვავებით ამის ფუფუნება აქვთ, თავშეკავებულები არიან, როდესაც საქმე მოხალისეების უკრაინაში ბრძოლას ეხება. ამას ვერ და არ აკეთებენ, რადგან ეს არის აბსოლუტურად, რაციონალურად სწორი, საღი გადაწყვეტილება და დამოკიდებულება. ამიტომაც, უბრალოდ წარმოუდგენელია, დღეს საქართველოში მოითხოვო იმის ფორმალიზება, რომ რაღაცნაირად ჩვენი ქვეყანა ამ შეიარაღებული კონფლიქტის ნაწილად და მხარედ იქცეს. არა, ეს არ იქნება და ყველაზე მთავარი - გარდაცვლილების სულებისთვის ყველაზე დიდი პატივისცემა და პატივის მიგება იქნება, თუკი ჩვენ შევძლებთ და საქართველოს ომში ჩათრევას ავარიდებთ. თუკი ამ ქვეყანაში მშვიდობის დაცვას მოვახერხებთ, რა თქმა უნდა, ეს არის იმ ადამიანების ხსოვნის დაფასება, რომლებსაც დღეს საქართველო დასტირის.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე. 3 დეკემბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

კომენტარები