კახა კალაძე

TI: კალაძის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მედიაზე ზეწოლის საშიში ტენდენციის ახალი ეტაპია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) ტელეკომპანია პირველისა და მისი ჟურნალისტის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში მედიაზე ზეწოლის საშიში ტენდენციის ახალ ეტაპზე გადასვლაა. TI-ის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს კრიტიკული მედიის შესავიწროვებლად იყენებენ. 

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის - მთავარი არხის, ფორმულას და ტვ პირველის წინააღმდეგ. მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან. დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად.

კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის ამგვარი ტალღა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკვე საერთაშორისოდ აღიარებული უკუსვლის ფონზე მიმდინარეობს, სრულიად ესადაგება კლეპტოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ნიშანს, როცა კორუფციულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტების გაჩუმებას მათ წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების სარჩელების შეტანით ცდილობენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და უზრუნველყონ კრიტიკული მედიის დაცვა, თავისუფალი საქმიანობა და შეწყვიტონ საკუთარი გავლენების გამოყენება მედიის შესავიწროვებლად". - წერია განცხადებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტელეკომპანია პირველს დააკისრა, კახა კალაძეს 15 000 ლარი გადაუხადოს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ასევე, ტელეკომპანიამ უნდა უარყოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის მერმა ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. თავად თბილისის მერი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს ითხოვდა. 

სარჩელი ეხებოდა 2022 წლის 5 ივლისს მაია მამულაშვილის მიერ საავტორო გადაცემა დღის ამბებში მტკიცებით ფორმაში გავრცელებულ ცნობას, რომ კახა კალაძემ 60 მილიონი "ჩაიდო ჯიბეში" ტენდერებიდან და კორუფციული გზით.

მაია მამულაშვილის შეფასებით, კახა კალაძის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის მიზანი იყო, რომ მას და ტელეკომპანიას ფინანსური ზიანი მიადგეთ. მისივე სიტყვებით, 60 მილიონზე ნათქვამი წინადადება მაყურებლისთვის მის მიერ არ ყოფილა მიწოდებული, როგორც ფაქტი და ის საჯარო სივრცეში, მათ შორის, ოპოზიციონერების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეყრდნობოდა. 

თბილისის მერის თქმით, ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და "საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის". კახა კალაძე წერს, რომ სურს, ბოლო პრეცედენტი იყოს, თუმცა, მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ TV პირველთან სხვა დროს აღარ მოუწევს სასამართლოში შეხვედრა.

"მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად. რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია.

ვინმე იტყვის, რა მოხდა, არ მოგწონს და არ გადართო ამ არხზე, მაგრამ არაა ეს სწორი მიდგომა. თუ გვინდა შევდგეთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად, არ უნდა მივცეთ არავის უფლება, ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება" - წერს კალაძე.

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, სასამართლოს მიერ თბილისის მერის, კახა კალაძის საჩივრის საფუძველზე დაკისრებულ თანხას ტელეკომპანია ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ინკასო ადევს. მელაძის ვარაუდით, აღსრულების ბიურო ტელევიზიის ან ტელეწამყვან მაია მამულაშვილის პირად ქონების დააყადაღებს.

კომენტარები