Cancel Culture

"ადამიანებს ვერ აკრძალავთ" - ჰელენა ბონემ კარტერმა როულინგსა და დეპს მხარი დაუჭირა

ჰელენა ბონემ კარტერმა ჰარი პოტერის ავტორს, ჯოან როულინგსა და მსახიობს, ჯონი დეპს მხარი დაუჭირა და თქვა, რომ "გაუქმების კულტურა" ისტერიული გახდა.

ჰარი პოტერის ფილმებში ბელატრისა ლესტრეინჯის როლის შემსრულებელი ამბობს, რომ ჯოან როულინგს აქვს უფლება საკუთარი პოზიციის ქონის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას თავად ჰქონდა შევიწროების გამოცდილება.

"ყველას აქვს ტრავმების საკუთარი ისტორია და შემდეგ, აქედან ნაწარმოები აზრები და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანების ტკივილსა და წარსულს, საიდანაც ისინი მოდიან. არ არის აუცილებელი ყველა ყველაფერზე შეთანხმდეთ - ეს აბსურდი და მოსაწყენი იქნებოდა. ის [როულინგი] არ იყო აგრესიული, უბრალოდ სათქმელს საკუთარი გამოცდილებიდან ამბობდა". - თქვა მსახიობმა.

გამოცემა The Times-ის ჟურნალისტმა, ჰელენა ბონემ კარტერს ჯონი დეპის სასამართლო დავის შესახებაც ჰკითხა. მსახიობებს ერთად რამდენიმე ფილმში აქვთ მონაწილეობა მიღებული. გარდა მაგისა, დეპი ბონემ კარტერისა და ტიმ ბარტონის ორი შვილის ნათლიაა.

"ვფიქრობ, ის სრულად გამართლებულია. ჩემი აზრით, ახლა კარგად არის. აბსოლუტურად კარგად". - თქვა მან ჯონი დეპზე კითხვის საპასუხოდ.

ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჰერდის მხარემ დეპს რეპუტაციული ზიანისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. თავის მხრივ დეპს ჰერდისთვის 2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. 

ინტერვიუში ჰელენა ბონემ კარტერმა "გაუქმების კულტურაზეც" ილაპარაკა და თქვა, რომ ვერ იტანს მას.

"მილიონობით ადამიანი იარსებებს, რომლებსაც მოკვეთდით, თუ მათ პერსონალურ ცხოვრებას ახლოდან დააკვირდებოდით. ადამიანებს ვერ აკრძალავთ. ვერ ვიტან "გაუქმების კულტურას". ძალიან ისტერიული გახდა, ერთგვარი "კუდიანებზე ნადირობა" და ერთმანეთის გაგების არარსებობაა".

კომენტარები