Cancel Culture

ჯონი დეპი CANCEL CULTURE-ზე: არავინ არის დაცული

Vanity

ჯონი დეპი სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს მიღებისას სიტყვით გამოვიდა, რომელშიც გაუქმების კულტურა გააკრიტიკა.

"გაუქმების კულტურა უკვე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მიმდინარე ისტორიული მოვლენა. ეს არის ერთ წინადადებაზე დაყრდნობით პიროვნების ელვისებური განკიცხვა, რომელიც შინაარსობრივად ჰაერის დაბინძურებას ჰგავს. ჩვენ იმდენად დავკარგეთ ამაზე კონტროლი, რომ დაუცველი არავინაა. ეს მარტო მე არ დამემართა, ჩემი ბედი, სქესის მიუხედავად, უამრავმა ადამიანმა გაიზიარა. გაუქმების კულტურას გავლენა აქვს ბავშვების ცხოვრებაზეც, მათ ასწავლიან, რომ ეს მოვლენა ნორმალურია, რომ ისინიც ასე უნდა მოიქცნენ, რაც ძალიან სამწუხაროა". – ამბობს მსახიობი მიმართვაში.

Cancel Culture ანუ გაუქმების კულტურა ოსტრაკიზმის თანამედროვე ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანსა ან ადამიანთა ჯგუფს სოციალურ და პროფესიულ წრეებში აწმყოში ან წარსულში ჩადენილი საქციელის გამო განსჯიან და ითხოვენ მის/მათ საქმიანობის შეჩერებას ანუ გაუქმებას. გაუქმების კულტურას ზოგი ისტორიკოსი თანამედროვე მაკკარტიზმს უწოდებს.

სოციალური მოვლენის ერთ-ერთი მსხვერპლია თავად დეპიც. ახლო წარსულში მსახიობი ფიზიკურ ძალადობაში ყოფილმა ცოლმა, ამბერ ჰერდმა, დაადანაშაულა. ყვითელმა გამოცემამ The Sun დეპის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავს ცოლის მცემელი (Wifebeater) უწოდა. მსახიობმა ტაბლოიდს სასამართლოში უჩივლა, მაგრამ დამარცხდა, თავად ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ორი წლის წინ დაწყებული სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მიუხედავად ამისა საზოგადოების ნაწილისთვის The Sun-თან დამარცხება დეპის გასაკიცხად საკამრისი აღმოჩნდა, ის მოხსნეს ფანტასტიკური ცხოველების გაგრძელებიდან, ასევე გარკვეულ სტრიმინგის სერვისებმა კატალოგიდან ამოიღო ფილმები მისი მონაწილეობით. 

 

კომენტარები