BBC-ის ცნობით, პოლიციამ შანხაიში BBC-ის ჟურნალისტს სცემა და დააკავა, როდესაც იგი კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აშუქებდა. ინფორმაციას ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, BBC ავრცელებს.
"ძალიან შემაშფოთებელია, რომ ერთ-ერთ ჩვენს ჟურნალისტს მოვალეობის შესრულებისას ამ გზით თავს დაესხნენ". – თქვა BBC-მ.
სოციალურ მედიაში გავრცელებულმა კადრებმა აჩვენა, რომ რამდენიმე პოლიციელი ჟურნალისტზე, ედ ლოურენსზე ძალადობდა. BBC-ის ცნობით, მას პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს, წიხლებს ურტყამდნენ, შემდეგ კი ხელბორკილებით წაიყვანეს.
ჩინეთის მთავრობის განაცხადებით, ლოურენსმა ჟურნალისტური ვინაობა არ გაამჟღავნა და პოლიციისთვის არც პრეს-ბარათი უჩვენებია. მათივე თქმით, ლოურენსი ხალხს თავისივე კეთილდღეობისთვის გაარიდეს, რათა შეკრებილი დემონსტრანტებისგან კოვიდი არ გადასდებოდა.
ამას გარდა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ჟაო ლიჯიანის თქმით, როდესაც ინციდენტი მოხდა, სამართალდამცავმა თანამშრომლებმა ხალხს ადგილის დატოვება სთხოვეს, ხოლო როდესაც ზოგიერთმა მათგანმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, ისინი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჩინეთის პოლიციის მიერ ედ ლოურენსის დაკავება დაგმო, მინისტრმა კი განაცხადა, რომ ეს იყო "მიუღებელი" და "შემაშფოთებელი".