ენმ

კირკიტაძე: ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად გახდომისთვის "მინიმალური ფილტრის" დაკმაყოფილებაა საჭირო და მხოლოდ სურვილის გამოხატვა სოლიდურად არ გამოიყურება.

"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილი აქვს სამუშაო ჯგუფს და არ გამოიყურება სოლიდურად მხოლოდ სურვილების გამოხატვა. ისე ძალიანაც ნუ გაიგიჟებთ თავს, კარგად გვახსოვს ვინ ვინ დააბრუნა ოფისში, თორემ ელექტორალური ფასი ვის როგორი აქვს – იხილეთ თელავის მაჟორიტარული ოლქის შედეგები 2020-ში". – წერს კირკიტაძე.

26 ნოემბერს ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე ფიქრობს. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ არსებულ სამ კანდიდატში ვერ ხედავს მაკონსოლიდირებელ ეფექტს. 

წამყვანის კითხვას, ხედავს თუ არა ის საკუთარ თავს ასეთად, ჭიაბერაშვილმა უპასუხა: "რომ არ ვხედავდე, ამ იდეაზე საერთოდ არ ვიფიქრებდი".

ჭიაბერაშვილმა ევროპული საქართველო 2021 წლის თებერვალში დატოვა. მაშინ პოლიტიკოსი წერდა, რომ აუცილებლად მიაჩნდა, გვერდზე გაწევით გზა მომავალი თაობისთვის დაეთმოთ.


ამჟამად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი და აქტივისტი გიორგი მუმლაძე. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა მან კანდიდატურა მოხსნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება".

ენმ-ს გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში დასდო ბრალი.

კომენტარები