საქართველოს საპატრიარქო

მეუფე ზენონი: მდაბიო ტერმინია, მაგრამ აინტერესებთ, მართლა ჩავბარდი თუ არა ამ სახელმწიფოს

დმანინისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, მეუფე ზენონის თქმით, საქართველოს საპატრიარქოში აინტერესებთ, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მიტროპოლიტობიდან ჩამოშორების შემდეგ "ჩაბარდა" თუ არა დიდ ბრიტანეთში. მეუფე ზენონი ამ ტერმინს "მდაბიოს" და ამბობს, რომ ამის შესახებ მომდევნო დღეებში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.

"მდაბიო ტერმინია ეს ჩაბარება, მაგრამ გავიმეორებ, აინტერესებთ, მართლა ჩავბარდი თუ არა ამ სახელმწიფოს. თუ საზღვარს გადავლახავ, ესე იგი, ტყუილია, თუ არ გადავლახავ, ესე იგი, მართალია. ასეთი უცნაურია. ამ საკითხს საერთოდ რა კავშირი აქვს კანონიკასთან, ეკლესიასთან.

ხვალ და მომდევნო დღეებში მაქვს შეხვედრა აქ არსებული ინსტიტუციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. მათთან შეხვედრის შემდეგ საჯარო განცხადებას გავაკეთებ ჩამოსვლასთან დაკავშირებით". – თქვა მეუფე ზენონმა ფორმულასთან საუბრისას.

18 ნოემბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული, რომელიც ამ დრომდე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას მართავდა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ შექმნილმა კომისიამ ეპარქიის მართვას ჩამოაშორა და ის მხოლოდ დმანინისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიას უმწყემსთავრებს. მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა საპატრიარქომაც.

მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მას მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო უპირისპირდებოდნენ.

მეუფე ზენონის თქმით, ემორჩილება პატრიარქ ილია მეორის ხელმოწერას დოკუმენტზე, რომლითაც ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან ჩამოაშორეს.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მრევლის ნაწილსა და მღვდელმთავარს შორის კონფლიქტი თვეებია გრძელდება. მორწმუნეთა ეს ჯგუფი მღვდელმთავარს რამდენიმე კანონიკურ და ზნეობრივ ბრალდებას უყენებს. ტაბულას ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ვინ ჩაიბარებს ეპარქიის მართვას დროებით.

კომენტარები