აშშ-ჩინეთი

"კომუნიკაციის ღიაობის შესანარჩუნებლად" – კამალა ჰარისი სი ძინფინგს შეხვდა

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს ესაუბრა. ჰარისმა და სი ძინფინგმა მოკლედ ისაუბრეს სანამ დახურულ შეხვედრაზე ბანგკოკში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის სამიტზე წავიდოდნენ. 

"[შეხვედრისას] გავიმეორე მთავარი გზავნილი, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა 14 ნოემბერს პრეზიდენტთან შეხვედრისას გააჟღერა: უნდა შევინარჩუნოთ ღია კომუნიკაცია, რათა პასუხისმგებლობით ვმართოთ კონკურენცია ჩვენს ქვეყნებს შორის". - წერს Twitter-ზე კამალა ჰარისი.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩინელ კოლეგას დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ ჩინეთი ტაივანში შეიჭრება. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს ჩრდილოეთ კორეის საკითხი, ისევე როგორც რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

აშშ-სა და ჩინეთს შორის მთავარ გადაუჭრელ პრობლემად კვლავ ტაივანის საკითხი რჩება. ტაივანის გარშემო სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2 აგვისტოს, ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, კუნძულზე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შემდეგ, ჩინეთმა კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება დაიწყო.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დაარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

კომენტარები