იტალია

რა მოხდება, თუ იტალია დეფოლტს გამოაცხადებს?

 Alessia Pierdomenico/Bloomberg

Bloomberg-ის ეკონომისტების პროგნოზის მიხედვით, უკანასკნელი მონეტარული ცვლილებების ფონზე, სავარაუდოა, რომ იტალია აღებული საგარეო ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებს და ევროპის ცენტრალური ბანკის დახმარების არარსებობის შემთხვევაში, დეფოლტის გამოცხადება მოუწევს.

Bloomberg-ის განმარტებით, მართალია, იტალიის ვალები ევროპისთვის დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ბოლო წლებში ინფლაციის დაბალმა მაჩვენებელმა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ აქტივების ფართო შესყიდვები გამოიწვია. რამაც, რომის ხარჯების შემცირებას შეუწყო ხელი. ხოლო, იტალიის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკიდან ხისტმა გადახვევამ და საპროცენტო განაკვეთის გაზრდამ შესაძლოა ვითარება კვლავ დაამძიმოს.

დეფოლტი აღებული ვალების ვერ, ან არდაბრუნებას ნიშნავს. როდესაც ქვეყანა დეფოლტს აცხადებს, მისი საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა და კაპიტალი შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს.

ამჟამად იტალიის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) 150%-ია. იტალიის ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდამ 2040 წლისთვის შესაძლოა შეფარდება 190%-მდე გაზარდოს, მაშინ როცა იანვრის გათვლებით იგი ამ დროისთვის უნდა შემცირებულიყო.

ვალის თანაფარდობა მშპ-სთან გვიჩვენებს, თუ რამდენად აქვს ქვეყანას ვალის გადახდის უნარი. იგი აჩვენებს რამდენი წელი დასჭირდება მას ვალის დაბრუნებისათვის.

ვალის მშპ-სთან თანაფარდობის დასტაბილურება პირველადი ბალანსის ცვლილებას მოითხოვს (სხვაობა ბიუჯეტში გადასახადებიდან შესულ თანხასა და სახელმწიფოს დანახარჯებს შორის), რაც ნიშნავს, რომ 2022 წლის ბიუჯეტის 1.8%-იანი დეფიციტი 3%-იანმა სიჭარბემ უნდა ჩაანაცვლოს. ეს მთავრობისგან მკაცრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რასაც მეტად სავარაუდოა, რომ მისი ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს. 

აღნიშნულ შეხედულებას პოზიციებს უმყარებს ისიც, რომ უკანასკნელად, როდესაც ამ მიზნით მთავრობამ ხარჯების შემცირება გადაწყვიტა, ამომრჩევლებმა პრემიერმინისტრი მარიო მონტი თანამდებობიდან გადააყენეს, რამაც ქვეყანაში ხანგრძლივი პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვია.

პრობლემის გამომწვევი მიზეზი მის აღმოფხვრას კიდევ უფრო ართულებს. საპროცენტო განაკვეთის ზრდა მეტწილად გამოწვეულია ცენტრალური ბანკის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის საბაზისო პუნქტებით გაზრდის მოლოდინით და არა ევროს გაუფასურების შიშით. ინვესტორებმა იციან, რომ ECB იძულებულია გაზარდოს განაკვეთი და შესაბამისად, უცხოური ინვესტიციები, რათა დაასტაბილუროს ინფლაცია.   

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი, ერთი მხრივ, ინფლაციის შემაკავებელი ინსტრუმენტია, ხოლო, მეორე მხრივ, ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს, რადგან, თანხის იმ ბანკებში განთავსება, სადაც უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, ინვესტორებისთვის უფრო დიდ უკუგებას იძლევა.

ამ გარემოებას ზეგავლენა ექნება მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რათა აამოქმედოს კრიზისთან ბრძოლის ახალი იარაღი - გადაცემის დამცავი ინსტრუმენტი (Transmission Protection Instrument). ეს არის ახალი მეთოდი, რომელიც 2022 წელს შემუშავდა. მისი მიზანი ევროზონის მასშტაბით საკრედიტო მრუდების დასტაბილურება და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებაა. სავარაუდოა, რომ საბოლოოდ ევროკავშირი მაინც გამოიყენებს აღნიშნულ ინსტრუმენტს, მაგრამ ამისათვის იტალიას ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა მოუწევს.

კომენტარები