რუსეთი

ვლადიმირ პუტინმა რამზან კადიროვის ცოლს "გმირი დედის" წოდება მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ცოლს, მედნი კადიროვას "გმირი დედის" წოდება მიანიჭა.

მედნი კადიროვა ზემოხსენებული სტატუსით რუსეთის პირველი "გმირი დედა" გახდა. წოდება იმ ქალებს ენიჭებათ, რომლებიც 10 და მეტ შვილს გააჩენენ და გაზრდიან.

კადიროვასთან ერთად, საპატიო წოდება იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის მცხოვრებს, ოლგა დიახტერენკოს მიანიჭეს.

ორდენთან და სიგელთან ერთად, წოდების გადაცემისას "გმირი დედები" ერთჯერადად 1 მილიონ რუბლსაც [დაახლოებით 16 500 აშშ დოლარი] იღებენ.

აღსანიშნავია, რომ "გმირი დედის" წოდება პირველად 1944 წლის ივლისში, საბჭოთა კავშირში შემოიღეს. ასეთი სტატუსი საბჭოთა კავშირში 430 000-მდე ქალს ჰქონდა მინიჭებული, უკანასკნელად კი გმირი დედის წოდების გადაცემის ღონისძიება 1991 წელს გაიმართა.

კომენტარები