რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი: აშშ-ს მოწოდების მიუხედავად, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრე ვართ

Adem Altan/AFP/Getty Images

Reuters-ის ინფორმაციით, თურქულ მედიებში ვრცელდება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის 12 ნოემბრის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ თურქეთი მზად არის, დაეხმაროს რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო დიალოგის მიღწევაში მაშინ, როდესაც დასავლეთი და აშშ მოსკოვის პროვოცირებას ცდილობენ

"დასავლეთი და განსაკუთრებით აშშ, გაუთავებლად თავს ესხმიან რუსეთს". - თქვა ერდოღანმა, თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს "თავდასხმაში".

ერდოღანის სიტყვებით, ბუნებრივია, რომ რუსეთი ამ ყველაფრის ფონზე დიდ წინააღმდეგობას ავლენს. 

"ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შევქმნათ სამშვიდობო დერეფანი აქ [თურქეთში], როგორც ეს მარცვლეულის დერეფნის შემთხვევაში მოხდა. ვფიქრობთ, რომ კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო გზა დიალოგიდან მშვიდობამდეა". - თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანის ბრალდების საწინააღმდეგოდ, 6 ნოემბერს Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის ლიდერებს პირად საუბრებში მოუწოდა, რომ გამოხატონ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ღიაობა და აღარ განაგრონ საჯარო განცხადებები, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ პუტინის გარეშეა შესაძლებელი.

წყაროს ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნა მიზნად არ ისახავს, უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლის დაჩქარებას, არამედ ეს არის გათვლილი მცდელობა, შენარჩუნებული იქნას კიევის მთავრობის მხარდაჭერა იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ომის გახანგრძლივების გამო შეშფოთებულები არიან.

გამოცემის ინფორმაციით, მართალია, აშშ ეთანხმება უკრაინას, რომ პუტინი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ზელენსკის საჯარო უარი მოლაპარაკებებზე აშფოთებს მოსახლეობას იმ ტერიტორიაზე, სადაც სურსათისა და საწვავის ფასები ომის გამო საგრძნობლად იზრდება. 

მანამდე, 4 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე ოფიციალურად უარს ამბობს. ეს იყო პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 3 ოქტომბერს მოახდინა უკრაინის 4 ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან შეერთების ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია. აქამდე, 30 სექტემბერს "შეთანხმებებს" ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა.

კომენტარები