რუსეთი-ინდოეთი

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსული ნავთობის ყიდვას სარგებელი მოაქვს ინდოეთისთვის

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის თქმით, ინდოეთი განაგრძობს რუსეთისგან ნავთობის შეძენას, რადგან ამას ქვეყნისთვის სარგებელი მოაქვს.

"ჩვენი ფუნდამენტური ვალდებულებაა, ვუზრუნველყოთ, რომ ინდოელ მომხმარებლებს ჰქონდეთ საუკეთესო წვდომა საერთაშორისო (ნავთბისა და ბუნებრივი აირის) ბაზრებზე ყველაზე ხელსაყრელი პირობებით. ამ მხრივ, ჩვენ ვნახეთ, რომ ონდოეთისა და რუსეთის ურთიერთობა ჩვენთვის სასარგებლოა. ამიტომაც, თუ ეს ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს, ჩვენ ამას გავაგრძელებთ". – თქვა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ინდოეთი რუსული ნავთობის ბაზრის მთავარი მოთამაშე გახდა. ამ დრომდე ეს პოზიცია ჩინეთს ეკავა. ინდოეთმა რუსული ნავთობის რეკორდული რაოდენობა მიიღო, იმ ფონზე, რომ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შედეგებმა სავაჭრო ნაკადები შეცვალა.

ვაჭრებისა და გემების ბროკერების თქმით, აგვისტოში ექვსი გემი რუსული ნავთობით მიემართებოდა სამხრეთ აზიის ქვეყნის გადამამუშავებელ ქარხნებში. ეს არის ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის დაწყების შემდეგ შეძენილი ტვირთის უდიდესი რაოდენობა და წარმოადგენს ხელმისაწვდომი ყოველთვიური მიწოდების თითქმის მეხუთედს.

"ნედლი ნავთობი ხდება სტაბილური ნაკადი ინდოეთისთვის, ქვეყნისთვის, რომელიც წლების განმავლობაში არ იყო ამ კლასის დიდი გულშემატკივარი. გადაზიდვები შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ ფასი იქნება მიმზიდველი და სანამ არ იარსებებს რეალური სანქციები, რომლებიც ბლოკავს ვაჭრობას". - თქვა ემა ლი, Vortexa-ს ანალიტიკოსმა.

22 ივნისს, ინდოეთმა კომპანიებს ფასდაკლებული რუსული ნავთობის შესყიდვისკენ მოუწოდა. 

დასავლეთის მკაცრი ეკონომიკური სანქციებისა მიუხედავად, ჩინეთმა და ინდოეთმა რუსეთისგან ნავთობის იმპორტის მოცულობა მკვეთრად გაზარდეს, რაც შესაძლოა რუსეთს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანავთობო ემბარგოსგან მიღებული დანაკარგი აუნაზღაუროს. 

ამასთან ერთად, ჩინეთის, ინდოეთისა და თურქეთის მხრიდან გაზრდილი იმპორტის მიუხედავად, რუსეთის მიერ ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა ომამდელ მაჩვენებლებს კვლავ ჩამორჩება.

გამოცემის ინფორმაციით, გასული კვირების განმავლობაში ინდური სანავთობო კომპანიებმა მიიღეს რეკომენდაცია, რომ "ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და გაზარდონ იაფი რუსული ნავთობის შესყიდვები". 

კომენტარები