ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი დივერსიფიცირებული კონგლომერატის, Reliance Industries-ის ინფორმაციით, კომპანია იანვარში რუსეთისგან ნედლ ნავთობს არ მიიღებს.
რუსული ნავთობის მთავარი შემსყიდველი კომპანიის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 4 იანვარს თქვა, რომ რუსული ნავთობის შეძენის გამო აშშ-მ შესაძლოა ინდოეთიდან შესულ იმპორტულ საქონელზე ტარიფები კიდევ უფრო გაზარდოს.
კომპანიამ ასევე უარყო მედიის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ გასულ კვირას, Reliance-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ სამი რუსული ტანკერი დაიძრა.
გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ინდოეთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისგან ყოველკვირეულად შესყიდული რუსული და ამერიკული ნავთობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.
საკითხზე ინფორმირებულმა პირებმა გამოცემას ასევე უთხრეს, რომ მათი მოლოდინებით, რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი, სავარაუდოდ, დღეში 1 მილიონ ბარელს ჩამოსცდება იმ ფონზე, როცა ინდოეთის მთავრობა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების დადებას ცდილობს.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ინდოეთი ფასდაკლებული რუსული ნავთობის ერთ-ერთი უდიდეს იმპორტიორი გახდა. თუმცა, ინდოეთის მხრიდან რუსული ნავთობის შესყიდვას დასავლეთის სახელმწიფოებისგან კრიტიკა მოჰყვა.
ცნობისთვის, აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ინდურ პროდუქციაზე საიმპორტო ტარიფი გააორმაგა და მიმდინარე წლის აგვისტოში ნიუ-დელის დამატებით 25%-იანი ტარიფი დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციამ საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ამ თანხით ინდოეთი უკრაინაში რუსეთის ომს ირიბად აფინანსებს.





