რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია. სტოლტენბერგმა თურქულ მედია NTV-სთან ინტერვიუსას ხაზი გაუსვა, რომ ბირთვულ ომს გამარჯვებულები არ ჰყავს.

"რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია, თუმცა შედეგები უზარმაზარი იქნება. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად მივუდგებით.

რუსეთი უპასუხისმგებლოდ და დაუფიქრებლად მოქმედებს. ბირთვული იარაღი შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. ბირთვულ ომში გამარჯვებულები არ არიან. ჩვენ ამას ცხადად ვამბობთ". – თქვა სტოლტენბერგმა.

ბოლო ხანებში რუსეთის ბირთვული შანტაჟის რიტორიკა მკვეთრად გაიზარდა. პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის უკანონო ანექსიის გამოცხადების ცერემონიაზე, 30 სექტემბერს თქვა, რომ საკუთარ მიწას არსებული ყველა ძალითა და საშუალებით დაიცავდნენ. ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ ისტორიაში ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტი არსებობს.

იქამდე, 21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის რიტორიკა განაგრძო. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

ბირთვული შანტაჟი უფრო მძაფრი მოსკოვის ახალი ბრალდების შემდეგ გახდა. 23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა. ამავე საკითხზე ესაუბრა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსაც. ბრალდებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ხშირად რუსეთი სხვებს აბრალებს იმას, რასაც თავად აპირებენ. 

კიევმა ბრალდებასთან დაკავშირებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სთხოვა, რომ შეემოწმებინათ ორი ბირთვული ობიექტი, სადაც, რუსეთის ბრალდებით, "ბინძურ ბომბებზე" მუშაობდნენ.

ბინძური ბომბი არის კონვენციური იარაღისა და ბირთვული მასალის შერწყმით შექმნილი მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღი.

27 ოქტომბერს ვალდაის კლუბის შეხვედრაზე პუტინმა კვლავ ისაუბრა ბირთვულ იარაღზე. მისი თქმით, რუსეთს უკრაინაში ბირთვული იერიში არც პოლიტიკურ და არც სამხედრო კონტექსტში სჭირდება.

ამას გარდა, პუტინის მტკიცებით, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე საკუთარი ინიციატივით არასდროს ულაპარაკია და მხოლოდ დასავლეთის ლიდერებს "მინიშნებებით" პასუხობდნენ.

კომენტარები