ბირთვული შანტაჟი

რუსეთი: ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ, თუ სახელმწიფოს არსებობას საფრთხე შეექმნება

ბალისტიკური სარაკეტო სისტემა Тополь-М წითელ მოედანზე, მოსკოვი, 2010 წლის 9 მაისი.
AFP

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ბირთვული ომის თავიდან არიდებასთან დაკავშირებული განცხადება, რომელშიც საუბარია იმაზეც, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებს მოსკოვი ბირთვულ იარაღს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია ის სახელმწიფო დოქტრინები, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებს მოსკოვი ბირთვულ იარაღს. განცხადების მიხედვით, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღით მიტანილი იერიშის საპასუხოდ ან თუ მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ჩვეულებრივი, კონვენციური იარაღი, რომლით თავდასხმაც მათი სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს შეუქმნის.

"ბირთვული შეკავების პოლიტიკის განხორციელებაში რუსეთი მკაცრად და თანმიმდევრულად ხელმძღვანელობს პოსტულატით, არ იქნას დაშვებული ბირთვული ომი, რომელსაც გამარჯვებული ვერ ეყოლება და რომელიც არასდროს უნდა გაჩაღდეს. რუსეთის დოქტრინალური მითითებები ნახსენებ სფეროში ნათლად არის ასახული, ისინი წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევიან. რუსეთის მიერ ბირთვული იარაღით ჰიპოთეტური რეაგირება დაიშვება მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღით განხორციელებულ აგრესიაზე პასუხის გასაცემად ან თუ აგრესია, ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, საფრთხეს უქმნის თავად სახელმწიფოს არსებობას". – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების მიერ ხაზგასმული დოქტრინები აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები მათ დამატებით კონტექსტს აძლევს. გასულ დღეებში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა რუსეთის სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხედ ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინის მიერ დაბრუნების მიზანი მიიჩნია.

"ომში უკრაინის მიზანი კიევის რეჟიმმა უკვე დაასახელა – ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელიც ადრე მათ ეკუთვნოდათ, ანუ რუსეთისგან მათი უარყოფა. ეს არის საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის და ნიშნავს დღევანდელი რუსეთის ნგრევას". – წერდა მედვედევი 1-ელ ნოემბერს.

2 ნოემბერს გამოცემა The New York Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის სამხედრო ლიდერებმა რამდენიმე ხნის წინ განიხილეს თუ როდის და როგორ იქნება შესაძლებელი მათ მიერ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება. ამის მიუხედავად, NY Times-ის წყაროების ცნობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთს ბირთვული იარაღი მზადყოფნაში მოჰყავს ან დარტყმისთვის სხვა ტაქტიკურ ზომებს იღებს.


ბოლო ხანებში რუსეთის ბირთვული შანტაჟის რიტორიკა მკვეთრად გაიზარდა.

პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის უკანონო ანექსიის გამოცხადების ცერემონიაზე, 30 სექტემბერს თქვა, რომ საკუთარ მიწას არსებული ყველა ძალითა და საშუალებით დაიცავდნენ. ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ ისტორიაში ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტი არსებობს. 

აქამდე, 21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის რიტორიკა განაგრძო. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

ბირთვული შანტაჟი უფრო მძაფრი მოსკოვის ახალი ბრალდების შემდეგ გახდა. 23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა. ამავე საკითხზე ესაუბრა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსაც. ბრალდებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ხშირად რუსეთი სხვებს აბრალებს იმას, რასაც თავად აპირებენ. 

კიევმა ბრალდებასთან დაკავშირებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სთხოვა, რომ შეემოწმებინათ ორი ბირთვული ობიექტი, სადაც, რუსეთის ბრალდებით, "ბინძურ ბომბებზე" მუშაობდნენ.

ბინძური ბომბი არის კონვენციური იარაღისა და ბირთვული მასალის შერწყმით შექმნილი მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღი.

27 ოქტომბერს ვალდაის კლუბის შეხვედრაზე პუტინმა კვლავ ისაუბრა ბირთვულ იარაღზე. მისი თქმით, რუსეთს უკრაინაში ბირთვული იერიში არც პოლიტიკურ და არც სამხედრო კონტექსტში სჭირდება.

ამას გარდა, პუტინის მტკიცებით, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე საკუთარი ინიციატივით არასდროს ულაპარაკია და მხოლოდ დასავლეთის ლიდერებს "მინიშნებებით" პასუხობდნენ.

კომენტარები