ნიკა გვარამიას საქმე

სახალხო დამცველი გვარამიაზე: სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავ

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს" თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს სახალხო დამცველმა, ე.წ. რეკლამების ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სახალხო დამცველის შეფასებით, დაუშვებელი იყო ნიკა გვარამიას მსჯავრდება მის მიერ მენეჯერული გადაწყვეტილების მიღებისთვის (ე.წ. რეკლამების ეპიზოდი), რაც შესაძლებელია თეორიულად გამხდარიყო სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი, მაგრამ არა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი.

სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და არ გაითვალისწინა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის ფუნდამენტური პრინციპები. სააპელაციო სასამართლომ კი, ხსენებული სამართლებრივი საკითხების სწორად შეფასების ნაცვლად, კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა იმ ქმედების გამო, რომელიც თავისი შინაარსით სამოქალაქო სამართლებრივია და რომლის სისხლისსამართლებრივად მიჩნევის მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ე.წ. მანქანის ეპიზოდში ნიკა გვარამიას მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი პრობლემური იყო ამ ეპიზოდშიც. ერთი მხრივ, საკითხი მნიშვნელოვანწილად ჰგავდა საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში ე.წ. რეკლამების ეპიზოდს, მეორე მხრივ კი არსებით გარემოებებთან დაკავშირებით სრულიად დაუსაბუთებელი იყო".- აღნიშნულია განცხადებაში. 

სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და გამოითხოვა განაჩენი. დასაბუთებული განაჩენის მიღებისთანავე სახალხო დამცველი საზოგადოებას დამატებით წარუდგენს საქმის დეტალურ შეფასებას.

სახალხო დამცველი ახსენებს საზოგადოებას, რომ 2022 წლის 8 ივნისს მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების გათვალისწინებით, ნიკა გვარამიას დარღვეული უფლებების საპასუხოდ, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებისკენ მოუწოდა.


სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი გაფლანგვის მუხლი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. თუმცა, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა.

16 მაისს, კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

კომენტარები