რუსული ოკუპაცია

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით რუსებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი. მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

სუს-ი აცხადებს, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევისა და უსაფრთხოების გარემოს დაზიანების თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას".- აღნიშნავს სუს-ი. 

პირველ ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. 

კომენტარები