რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: მობილიზაციის დასრულებისთვის პუტინის განკარგულება საჭირო არაა

პესკოვი და პუტინი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა იურისტებთან განიხილა საკითხი, იყო თუ არა საჭირო მისი განკარგულება მობილიზაციის დასრულებისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ პროცესი მორჩა. 

"პრეზიდენტმა თქვა, რომ [ამ საკითხს] იურისტებთან და სამართალმცოდნეებთან განიხილავდა. გაცნობებთ: განკარგულება საჭირო არაა". – თქვა პესკოვმა.

კითხვაზე, პუტინის მიერ აქამდე გაცემულ განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ექნება თუ არა შენარჩუნებული ძალა, პესკოვმა უპასუხა, რომ საუბარი იყო კონკრეტულად 300 000 ადამიანზე და ეს განკარგულება შესრულებულია.

ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის პროცესი რუსეთში პუტინის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე დაიწყო და შეწყვეტის განკარგულების გარეშე დასრულდა, რამაც კითხვები გააჩინა.

გუშინ, 31 ოქტომბერს რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულებულად გამოაცხადეს.

28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ სექტემბერში გამოცხადებული 300 000 რეზერვისტის "ნაწილობრივი მობილიზაცია" დასრულდა და, მისივე თქმით, 300 000 მობილიზებული რეზერვისტიდან 218 000 ისევ წვრთნებს გადის, ხოლო 82 000 უკვე ბრძოლის ველზეა - აქედან 41 000 აქტიურ სამსახურში.

შოიგუს თქმით, საბრძოლო მოქმედებების რაიონებში გაგზავნილია 87 000 მობილიზებული.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინი ამბობდა, რომ სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში, მათ, ვისაც გამოცდილება ჰქონდა. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. 

რუსი სამხედრო ასაკის მქონე ათიათასობით კაცი თავის ქვეყნიდან საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში გადავიდნენ - იმ სახელმწიფოებში, სადაც ვიზა არ სჭირდებათ. ნაწილობრივ მობილიზაციას მოჰყვა პროტესტი რუსეთის დიდ ქალაქებში. რუსეთის მასშტაბით ანტიმობილიზაციის საპროტესტო აქციებზე 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

სექტემბრის ბოლოს პუტინმა მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა და მათი გადახედვა მოითხოვა. ამას გარდა, უკვე ოქტომბერში, პუტინმა მობილიზაციის პროცესის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

კომენტარები