ეკონომიკური ზრდა

ბედინეიშვილი: ეკონომიკური ზრდა მოკლევადიანია, განპირობებულია მიგრაციული პროცესებით

გიგა ბედინეიშვილი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლის პირველი 9 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.2%-ია. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანის, გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, ეს ეკონომიკური ზრდა მოკლევადიანია და განპირობებულია მიგრაციული პროცესებით. 

"დიდწილად ეკონომიკური ზრდა წელს განპირობებულია მიგრაციული პროცესებით, კერძოდ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან. აქ რჩება ან/და გადმოაქვს თავის საქმიანობა, შესაბამისად, აქ ხარჯავს ფულს". – ამბობს ბედინეიშვილი. 

გასათვალისწინებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოში წელს რუსეთიდან 511%-ით მეტი პირი შემოვიდა

"ტიპური შემთხვევაა: ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და გამოექცა მობილიზაციას – ამას პრინციპში მოკლე ვადაში ძალიან დადებითი გავლენა აქვს ეკონომიკაზე. მითუმეტეს, ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათას ადამიანზე, სხვადასხვა შეფასებით, შესაძლოა 150 000 ადამიანი მარტო რუსეთიდან იყოს ჩამოსული და ამას, რა თქმა უნდა, აქვს გავლენა ეკონომიკაზე". – აღნიშნავს გიგა ბედინეიშვილი ტაბულასთან საუბრისას. 

31 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული ეკონომიკური ზრდა უპრეცედენტოა მთელ ევროპაში და წლის ბოლოსთვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მოსალოდნელია. თუმცა, გიგა ბედინეიშვილის განმარტებით, მიგრაციული პროცესების "იმედად ეკონომიკა ვერ იქნება". 

"მგონია, რომ ამ ზრდას დიდ ხანს გაგრძელების შანსი არ აქვს, რადგან მუდმივად ხომ არ გაიზრდება საქართველოში უცხოეთიდან შემოსულთა რიცხვი?! ამიტომ ამ ეფექტით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა დამთავრებისკენაა. უბრალოდ, ინერციით შარშანდელთან შედარებით ჯერ კიდევ კარგი ციფრები გვაქვს, მაგრამ მეორე კვარტალი გაცილებით უფრო სუსტი იყო, ვიდრე პირველი, მეოთხე კვარტალი, ვფიქრობ, კიდევ უფრო უარესი იქნება.

ჯამში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება თუ არა ძნელი სათქმელია – შეიძლება გვქონდეს, შეიძლება – არა, შეიძლება ოდნავ დაბალი გვქონდეს, ვიდრე 10%-ია, რაც თავისთავად ცუდი შედეგი არ არის. თუმცა ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის ის, რაც ვთქვით – ერთჯერადი მიგრაციული პროცესები, რომლის იმედზედაც არ უნდა ვიყოთ". – ამბობს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი. 

2021 წელი ქვეყანამ მშპ-ს 10.4%-იანი ზრდით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ რეკორდული ვარდნა განიცადა და 6.1%-ით შემცირდა.

"შარშან გვქონდა ეკონომიკური ზრდა – ის უფრო საბაზო ეფექტი იყო, რადგან 2020 წელი იმდენად ცუდი ეკონომიკური წელი იყო პანდემიის გამო, რომ იმასთან შედარებით, 2021 წელი უკეთესი იყო. წელს კიდევ, მიგრაციული პროცესებია მთავარი მიზეზი, რის გამოც გვაქვს ეკონომიკური ზრდა". – აღნიშნავს ბედინეიშვილი. 

კომენტარები