ჩინეთი

რატომ დაატოვებინეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობა ყოფილ პრეზიდენტს?

ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჰუ ძინტაოს ატოვებინებენ ადგილს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ეროვნული ყრილობის დახურვის ცერემონიაზე, პეკინში, 2022 წლის 22 ოქტომბერი
REUTERS/Tingshu Wang  

22 ოქტომბერს ჩინეთის ყოფილ პრეზიდენტს, ჰუ ძინტაოს კომუნისტური პარტიის XX ყრილობა დაატოვებინეს. სი ძინფინგის წინამორბედი ჰუ პრეზიდენტის გვერდით იჯდა, როცა დიდი დარბაზიდან ორმა მანდატურმა გაიყვანა. 

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მანდატურები ჰუს ადგილიდან დაძვრას ცდილობენ, ყოფილი პრეზიდენტი კი შეშფოთებული უყურებს იქ მსხდომ მაღალჩინოსნებს. შემდეგ ჰუმ სცადა, სი ძინფინგის საქაღალდეზე დადებული ფურცლის აღება, თუმცა ჩინეთის პრეზიდენტმა წინააღმდეგობა გაუწია. 

კომუნისტური პარტიის შეხვედრების სტანდარტებით, ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დრამაა, რადგან, როგორც წესი, ყრილობები წინასწარ მკაცრად გაწერილია. 

XX ყრილობის დიდი ნაწილი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, მაგრამ ჰუს აშკარად "გაძევების სპექტაკლი" ყრილობის დახურვაზე შედგა, რომლის კარიც ჟურნალისტებისთვისაც ღია იყო. 

რატომ დაატოვებინეს ყოფილ პრეზიდენტს დარბაზი, უცნობია. შესაძლოა, მიზეზი მართლაც ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს. 79 წლის პოლიტიკოსი, გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის ყრილობაზე მანამდეც სუსტად იყო და სიარული მხოლოდ დახმარებით შეეძლო.

თუმცა, ჰუ ძინტაოს დაბნეული სახე და მანდატურებთან აშკარა შეწინააღმდეგება იძლევა საშუალებას, რომ დარბაზის დატოვების სხვა მიზეზებზეც ვივარაუდოთ. 

არსებობს ვერსია, რომ ძინფინგმა მოულოდნელად მიიღო ინფორმაცია, რომ პარტიის ყრილობის ბოლოს გამართულ კენჭისყრაზე ჰუ ან თავს შეიკავებდა ან მის წინააღმდეგ მისცემდა ხმას. ამ ინფორმაციის წყარო, შესაძლოა, იყვნენ ჰუს კოლეგები, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის კომენტარში ძინფინგიდან გამოყოფის ნიშნები დაინახეს. მაშინ დაბნეულობა და უეცარი პანიკა შედარებით ახსნადია. 

თუმცა, მეორე - Foreign Policy-ის ჟურნალისტის, ჯეიმს პალმერის შეფასებით, მეტად დამაჯერებელი და შემაშფოთებელი ვერსიით, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო. ძინფინგმა ჰუ ძინტაო განზრახ და საჯაროდ დაამცირა. თან გასათვალისწინებელია, რომ გამხსნელი სიტყვისას მოქმედმა პრეზიდენტმა უკიდურესად უხეშად შეაფასა პარტიის ის მემკვიდრეობა, რომელიც ერგო: "სუსტი, გამოფიტული და დაშლილი".

სტატიის ავტორის შეფასებით, ჰუს მსგავსი დამცირება, ასევე, მკაფიო გზავნილს გაუგზავნის "პენსიაზე გასულ უხუცესებს" - ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომელთა გავლენები ძინფინგის ძალაუფლების ზრდის კვლდაკვალ მცირდება. 

ყოფილი პრეზიდენტის დამცირება, თუ ამის მიზეზი მხოლოდ პარტიის უხუცესთა გაფრთხილება იყო, ძინფინგს მაო ძედუნის მსგავსად დახურულ შეხვედრაზეც შეეძლო. თუმცა, კამერების წინ "დადგმულ თეატრს" ექსპერტთა ნაწილი სი ძინფინგის სიმბოლურად ახალი ერას დაწყების დაანონსებას უკავშირებენ

პარტიის ერთკვირიანი ყრილობის თავზე დაირღვა ტრადიცია და, წინამორბედისგან განსხვავებით, ძინფინგი მესამე ვადითაც აირჩიეს. ამასთანავე, პარტიის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები პრეზიდენტთან დაახლოებული პირებით დაკომპლექტდა. 

შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რა ითქვა დახურულ შეხვედრებზე და რა როლი ითამაშა ჰუმ ამ დისკუსიებში. ჰუს პრეზიდენტობის დრო ძალიან განსხვავდებოდა ძინფინგის პერიოდისგან. მისი მმართველობა, განსხვავებით მოქმედი პრეზიდენტისგან, ხასიათდებოდა ლიდერობის ბევრად უფრო კოლექტიური ფორმით. 

წიგნ "დრაკონის ცეცხლი: ჩინეთის ახალი ცივი ომი" ავტორის, იან უილიამსის თქმით, ეს თეორია პრობლემურია, რადგან, როგორც წესი, პარტია იშვიათად ააშკრავებს შიდა ინტრიგებს. 

ძინფინგი კონკურენტების მოსაშორებლად, როგორც წესი, ანტიკორუფციულ სამსახურს იყენებს, რომელიც მისი ძალაუფლებისთვის საფრთხისშემცველი ადამიანების "გასუფთავების" საშუალებად აქცია.

ჩინეთის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს დარბაზის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუწია. ამ განცხადების მიუხედავად, როგორც იან უილიამსი შენიშნავს, ჰუს გაყვანა დარბაზიდან დასაკვირვებელ გამოცანად რჩება ჩინეთით დაინტერესებული ექსპერტებისთვის მთელ მსოფლიოში, რადგან ეს იმ ფაზლის ნაწილია, რომელიც პარტიის გაუმჭრვირვალე გზების გარკვევაში გვეხმარება. 

კომენტარები