რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, ოლქებში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, ქალაქებში ისმის აფეთქების ხმა. ოლქებში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას უკრაინული მედია Unian-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესის ოლქში - სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა ენერგეტიკული ინსფრასტრუქტურის ობიექტი დაბომბეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ დაჭრილია 3 ადამიანი. ოდესის ოლქის რამდენიმე დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება - ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. 

ოკუპანტებმა დაბომბეს ლუცკიც - თავდასხმის შედეგად ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია და წყალი მიეწოდება. ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაშავებულია 1 ადამიანი. ქალაქის მერის ცნობით, თავდასხმის შედეგებზე დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. 

რუსი ოკუპანტები უტევენ რივნესაც - რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კოვალმა ინფორმაცია დაადასტურა და მოქალაქეებს მოუწოდა, არ გაავრცელონ ფოტოები და ვიდეოები, დაელოდონ ოფიციალურ ინფორმაციას და დარჩნენ თავშესაფრებში. 

კიევის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლექსი კულებას ცნობით კი ოლქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს - კულება მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.  

დაახლოებით, 10:20 საათზე კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ჩამოაგდო ოკუპანტების რამდენიმე რაკეტა, რომლითაც ისინი დედაქალაქის დაბომბვას აპირებდნენ.  

რაც შეეხება ხმელნიცკის ოლქს, ქალაქის საკრებულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება - საკრებულო მოქალაქეებს წყლის მომარაგებისკენ მოუწოდებს, რადგან, მათივე ცნობით, დგას წყლის შეწყვეტის საფრთხეც.  

ჩერნივცის ოლქში უკრაინელებმა ჩამოაგდეს ოკუპანტების რაკეტა, რომელიც ტბაში ჩავარდა.  

აფეთქებების ხმა ისმის ლვოვის ოლქშიც - ოფიციალური ინფორმაციით, ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. 

კომენტარები