ტრაგედია ვაკის პარკში

"დააზიანეს ელექტროკაბელის იზოლაცია" – პროკურატურის ვიდეოკადრები ვაკის პარკის შადრევანზე

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ დაკავებულებს ბრალი ცოტა ხნის წინ წარუდგინა. ბრალდება  წარედგინათ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გრინსერვის პლუსის დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს, გრინსერვის პლუსის ქვეკონტრაქტორი ფირმის - ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს, ამავე კომპანიის მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს, ასევე, მშენექსპერტის დირექტორს და ექსპერტს.

პროკურატურამ კადრებიც გაავრცელა, სადაც მათი თქმით, ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევანში მაღალი ძაბვის დაზიანებული ელექტროკაბელი და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ჩანს.

გამოძიების მტკიცებით, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ, წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის  მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი მოაყოლეს. ამის გამო, დაზიანდა ელექტროკაბელის იზოლაცია და დენმა წყალში გაჟონა. 

პროკურატურის ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე გამოიკვეთა ორი დანაშაულებრივი ეპიზოდი.

პირველი ეპიზოდი

"2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და გრინსერვის პლუსს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2022 წლის 26 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა ცენტრალურ შადრევანზე შესრულებული სამუშაოები.

ამის შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გრინსერვის პლუსის პროექტის მენეჯერს სიტყვიერად მოსთხოვა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ გარკვეული სამუშაოები, კერძოდ უჟანგავი თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეეფუთათ ელექტრო ძრავზე დაერთებული შავი ფერის წყლის მილები.

გრინსერვის პლუსის პროექტის მენეჯერმა ინფორმაცია მიაწოდა კომპანიის დირექტორს, რომლის მითითებითაც აღნიშნული სამუშაო ქვეკონტრაქტორი ფირმის ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, სამუშაოს შესრულება ნიუ მეტალ დიზაინის მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს დაავალა. სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი კი, გრინსერვის პლუსის სამუშაოთა მწარმოებელს უნდა განეხორციელებინა.

22 სექტემბერს, დილის საათებში, ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება.  სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის  მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა. 

გრინსერვის პლუსის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. თავის მხრივ, გრინ სერვის პლუსის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, გრინსერვის პლუსის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. მათ მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.

2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული დენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა.  ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
მომხდარის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.

აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); გრინსერვის პლუსის დირექტორს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), გრინსერვის პლუსის საქმის მწარმოებელს და ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); ნიუ მეტალ დიზაინის მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა" - აცხადებს პროკურატურა.

მეორე ეპიზოდი

"დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და გრინსერვის პლუსს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო წარედგინა ფორმა N2 და ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოების და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან და პროექტთან შესაბამისობაზე და ხარისხზე.

2022 წლის აგვისტოში გრინსერვის პლუსმა შეასრულა შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი და შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ხელშეკრულება შპს მშენ-ექსპერტთან გააფორმა. მშენ-ექსპერტის ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების  შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ.

მშენ - ექსპერტის ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა მოამზადეს დასკვნის პროექტი და 19 აგვისტოს გადაუგზავნეს გრინსერვის პლუსის თანამშრომელს. ეს უკანასკნელი იმავე დღეს, მივიდა მშენ-ექსპერტის ოფისში და აღნიშნული კომპანიის ინსპექტორი და ტექნიკური მენეჯერი დაითანხმა, რომ დასკვნაში შეეტანათ ყალბი მონაცემი, თითქოს შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. სანაცვლოდ კი დაპირდა, რომ მათ კომპანიასთან საქმიან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებდნენ.

25 აგვისტოს მშენ-ექსპერტის თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში შეიტანეს ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოსდა შეისწავლეს და დაადგინეს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა  საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დოკუმენტი გრინსერვის პლუის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა.  

აღნიშნულ ეპიზოდზე, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება გრინსერვის პლუსის  დირექტორს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება); გრინსერვის პლუსის თანამშრომელს - 25,362 მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება), მშენ-ექსპერტის დირექტორს და ამავე კომპანიის ინსპექტორს - 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღება) წარუდგინა" - აცხადებს პროკურატურა.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, პროკურატურა  ცხრავე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს "კანონით დადგენილ ვადაში" მიმართავს.  მათივე მტკიცებით, გამოძიების ფარგლებში, "ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც დამატებით გამოიკვეთება დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დაუყოვნებლივ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში" და ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებენ.

"გრძელდება გამოძიება. ჩატარებულია ასეულობით  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხული არიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ნივთიერი მტკიცებულებები, გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, მათ შორის კომპლექსური ტრასოლოგიური, სამშენებლო ტექნიკური, ტექნოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზები, რომლებმაც პასუხი უნდა გასცეს, შეესაბამებოდა თუ არა შედგენილი პროექტი და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების ნორმებს. ამდენად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა ყველა პირი, ვის მიერაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდება" - აცხადებს პროკურატურა.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები