ტრაგედია ვაკის პარკში

მურადაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე: დაახლოებით 100-მდე პირია ამ ეტაპზე დაკითხული

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახა მურადაშვილის თქმით, ამ დრომდე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 100-მდე ადამიანია გამოკითხული და ამოღებულია ყველა ის დოკუმენტაცია, რაც შემხებლობაში იყო პროექტთან.

"გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა როგორც შსს-ს, ასევე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. დაიკითხნენ როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, ასევე დაიკითხნენ პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის ადამიანი, ვინც შეესწრო ან რაიმე ინფორმაციას ფლობდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა - დაახლოებით 100-მდე პირია ამ ეტაპზე დაკითხული. გამოძიება სწავლობს ყველა იმ დოკუმენტაციას, რომელიც ამოღებულია შემსრულებელი კომპანიისა და თბილისის საქალაქო სამსახურიდან, ეს დოკუმენტაციაა საპროექტო, სამშენებლო, მიღება-ჩაბარების აქტები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე, ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც შემხებლობაშია აღნიშნული სამუშაოს წარმოებასთან, თუ დაპროექტებასთან". - თქვა მურადაშვილმა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. 

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები