ტრაგედია ვაკის პარკში

ექიმი 13 წლის ბიჭზე: მნიშვნელოვანია, რომ 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა

ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა რეანიმატოლოგის, ​გიორგი კვიცინაძის თქმით, ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პირველი 24 საათის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.

"დინამიკაში მისი მდგომარეობა გაუარესებული არ არის. აღენიშნებოდა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ამ ეტაპზე გეგმურად სძინავს საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე. კვლევებში თავის ტვინის რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები ამ ეტაპზე არ აღენიშნება. გრძელდება მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პირველი 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა, რაც მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, როგორ იქნება“, – თქვა ექიმმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.  

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები