რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრაისი: რუსეთის თავდასხმები კრემლის სისუსტესა და სასოწარკვეთაზე მიუთითებს

ნედ პრაისი
Photo by Patrick Semansky / POOL / AFP

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე კრემლის სისუსტესა და სასოწარკვეთაზე მიუთითებს.

მისივე თქმით, ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს, რუსეთის  პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეკისრება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას საჭირო შეიარაღებით განაგრძობს. 

"ბოლო დღეებში განხორციელებული თავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა დონეზე დაეცა პუტინი და მისი გარემოცვა. რუსული რაკეტები სათამაშო მოედნებს, უნივერსიტეტებს, საცხოვრებელ შენობებსა და ქალაქის გადატვირთულ ქუჩებს მოხვდა. ეს დარტყმები მიუთითებს იმაზე, რომ ამ ყველაფრის არსი მხოლოდ და მხოლოდ სისასტიკეა. ეს კრემლის რეჟიმის სისუსტესა და სასოწარკვეთაზე მეტყველებს. ამ ომში ერთი აგრესორია და ეს რუსეთია. ერთადერში ადამიანი, რომელსაც ამ ომის შეჩერება და რუსული ჯარების გაყვანა შეუძლია. ეს, რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინია". - აცხადებს ნედ პრაისი.


რუსეთმა ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ, დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. ოკუპანტები ძირითადად თავს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ესხმიან. 

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 2 აფეთქება მოხდა. უკრაინელი Telegram-არხები წერენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა კიევში გრუშევსკის ძეგლთან, ვლადიმირსკაიას ქუჩაზე დაეცა. მათივე ცნობით ადგილზე მაშველები მუშაობენ, მოსახლეობა კი მეტროებში თავშესაფრისთვის ჩადის. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ცნობით, კიევზე თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 12 მოქალაქე კი დაშავდა.

ასევე, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის - ერთი ბავშვი. რუსმა სამხედროებმა სლავიანსკიც დაბომბეს - შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა 2 მოქალაქე.

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები