რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"რუსეთმა ახალი წითელი ხაზი გადაკვეთა" – უკრაინის საგარეო კიევში საელჩოების დაბომბვაზე

"რუსეთმა ახალი წითელი ხაზი გაკვეთა", - აღნიშნა უკრაინის საგარეო სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ. მისი თქმით,  აგრესორი სახელმწიფოს სარაკეტო თავდასხმის შედეგად მატერიალური ზიანი მიადგა საელჩოებსა და უცხოელ დიპლომატებს. 

"10 ოქტომბერს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმებისას რუსმა ტერორისტებმა კიევში უცხო სახელმწიფოების დიპლომატიური ინსტიტუტები დაბომბეს. ერთ-ერთმა რაკეტამ დააზიანა უკრაინაში გერმანიის საელჩოს სავიზო განყოფილება, რომელიც მდებარეობს კიევის ერთ-ერთ საოფისე ცენტრში, ხოლო მეორემ დააზიანა შენობა, რომელშიც მუშაობს ევროკავშირის მრჩეველთა მისიის თანამშრომლები". - აღნიშნა საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიურ ინსტიტუტებზე თავდასხმა ომის დანაშაულია და უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური ინსტიტუტები ხელშეუხებელია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ დაგმოს რუსეთის სარაკეტო შეტევა და გაზარდოს სანქციების ზეწოლა კრემლის წინააღმდეგ. ამასთანავე, უწყება პარტნიორებს მოუწოდებს, სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას საზენიტო და ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე საშუალებები.

"თავის მხრივ, უკრაინული მხარე მზადაა, შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას გაუწიოს საჭირო დახმარება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და დანაშაულების გამოძიებაში", - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოჰდან აურესკუმ აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინაში რუმინეთის საელჩოდან 850 მეტრში დაარტყა.

რუსეთმა ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. ოკუპანტები ძირითადად თავს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ესხმიან. 

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 2 აფეთქება მოხდა. უკრაინელი Telegram-არხები წერენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა კიევში გრუშევსკის ძეგლთან, ვლადიმირსკაიას ქუჩაზე დაეცა. მათივე ცნობით ადგილზე მაშველები მუშაობენ, მოსახლეობა კი მეტროებში თავშესაფრისთვის ჩადის.

კომენტარები