რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შს მინისტრი: 10 ოქტომბერს უკრაინის დაბომბვას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 97 კი დაშავდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის თქმით, 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინაში სარაკეთო თავდასხმებს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 97 კი დაშავდა.

"ამ დაბომბვას შეიძლება ენერგეტიკული ტერორიზმი ვუწოდოთ. ჩემი აზრით, ეს იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული ტერორიზმის გაგრძელება, რომელიც მუდმივად იბომბებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. დაბომბვა მოხდა 12 რეგიონში. ამ დროისთვის, ჩვენ დავაფიქსირეთ 74 თავდასხმა, სამწუხაროდ, დადასტურებული ინფორმაციით, 14 ადამიანი დაიღუპა და 97 დაშავდა". – თქვა მონასტირსკიმ.

რუსეთმა ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. ოკუპანტები ძირითადად თავს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ესხმიან. 

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 2 აფეთქება მოხდა. უკრაინელი Telegram-არხები წერენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა კიევში გრუშევსკის ძეგლთან, ვლადიმირსკაიას ქუჩაზე დაეცა. მათივე ცნობით ადგილზე მაშველები მუშაობენ, მოსახლეობა კი მეტროებში თავშესაფრისთვის ჩადის. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ცნობით, კიევზე თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 12 მოქალაქე კი დაშავდა.

ასევე, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის - ერთი ბავშვი. რუსმა სამხედროებმა სლავიანსკიც დაბომბეს - შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა 2 მოქალაქე.

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები