რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: უკრაინის საკითხზე აშშ-სგან მოლაპარაკებაზე შემოთავაზება არ მიგვიღია

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინის სიტუაციის დარეგულირებისთვის მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით რუსეთს აშშ-სგან არანაირი შემოთავაზება არ მიუღია.

"ჩვენ გვესმის აშშ-ს წარმომადგენლების განცხადებები, მათ შორის, თეთრი სახლის წარმომადგენლების, ბატონი კირბის, ჩემი კოლეგის, ბლინკენისა და ადმინისტრაციის სხვა წევრებისგან, რომ ისინი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მთელი გულით ღია არიან და რომ მხარს უჭერენ უკრაინასა და მის გარშემო სიტუაციის დარეგულირებას, მაგრამ ცუდი რუსეთი უარს ამბობს შემოთავაზებაზე, შევიდეს კონტქტში. ეს ტყუილია. არანაირი სერიოზული შემოთავაზება კონტაქტში შესვლაზე ჩვენ არ მიგვიღია". – თქვა ლავროვმა.

რუსეთმა ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. ოკუპანტები ძირითადად თავს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ესხმიან. 

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 2 აფეთქება მოხდა. უკრაინელი Telegram-არხები წერენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა კიევში გრუშევსკის ძეგლთან, ვლადიმირსკაიას ქუჩაზე დაეცა. მათივე ცნობით ადგილზე მაშველები მუშაობენ, მოსახლეობა კი მეტროებში თავშესაფრისთვის ჩადის. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ცნობით, კიევზე თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 12 მოქალაქე კი დაშავდა.

ასევე, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის - ერთი ბავშვი. რუსმა სამხედროებმა სლავიანსკიც დაბომბეს - შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა 2 მოქალაქე.

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები