იკერ კასილასი

კასილასი: ანგარიში გამიტეხეს, ბოდიში ჩემს გამომწერებსა და ლგბტ თემს

იკერ კასილასი

ლეგენდარული ესპანელი მეკარე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, უეფას ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის არაერთგზის გამარჯვებული, ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილი კაპიტანი იკერ კასილასი Twitter-ზე წერს, რომ მას ანგარიში გაუტეხეს და მანამდე გავრცელებული პოსტი, რომ ის გეია, - სიმართლეს არ შეესაბამება. 

"ანგარიში გამიტეხეს. საბედნიეროდ, ყველაფერი რიგზეა. ბოდიშს ვუხდი ჩემს ყველა გამომწერს. და, რა თქმა უნდა, მეტი ბოდიში ლგბტ თემს", - წერს Twitter-ზე ფეხბურთელი.

  • "ვიმედოვნებ, პატივისცემას გამოიჩენთ: გეი ვარ", -  წერდა ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

პოსტი მალევე წაიშალა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასილასი ხუმრობდა. ყოფილმა თანაგუნდელმა, კარლეს პუიოლიმ, როგორც ჩანს, ხუმრობის პასუხად დაწერა - "იკერ, დროა, ჩვენი ისტორია მოვყვეთ". რასაც მწვავე შეფასება მოჰყვა გენდერული და სექსუალური უმცირესობების უფლებებათა დამცველებისგან. ესპანელი მეკარე იკერ კასილასი ჰომოფობიის გაღვივებაში დაადანაშაულეს.

"ხუმრობა და დაცინვა ფეხბურთში ორიენტაციის დაფიქსირების გამო გულდასაწყვეტია. ეს რთული მოგზაურობაა, რომლის გავლაც ნებისმიერ ლგბტქ+ ადამიანს უწევს. მისაბაძი ადამიანებისა და თამაშის ლეგენდების მიერ ჩემი თემისა და ორიენტაციის აღიარების დაცინვა უპატივცემულობაა", - დაწერა პირველმა ღიად გეი მოქმედმა ფეხბურთელმა, ჯოშ კავაიომ. 

ფეხბურთელი ცოლს გასულ წელს დაშორდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია კასილასისა და ესპანელი მსახიობის, ალექსანდრა ონიევასის ურთიერთობის შესახებ. როგორც ესპანური გამოცემები იტყობინებოდნენ, ხუმრობის მიზეზი სწორედ ეს ინფორმაცია იყო. 

კომენტარები