იკერ კასილასი

ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილასმა, კარიერა ოფიციალურად დაასრულა

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა  სათამაშო კარიერა საბოლოოდ დაასრულა. ამის შესახებ კასილასმა twitter-ზე დაწერა. 

"ყველაზე მნიშვნელოვანია გზა, რომელსაც გავდივართ და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან ამ გზაზე და არა დანიშნულების ადგილი. მე მგონი, უყოყმანოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი გზა და საოცნებო მიზანი". - წერს კასილასი. 

39 წლის ლეგენდა მადრიდის რეალში დაბრუნდება და პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის მრჩეველი გახდება. 

მადრიდის რეალის განცხადებით, კასილასი საუკეთესო მეკარეა კლუბის 118-წლიანი ისტორიის განმავლობაში. 

"მადრიდის რეალს სურს აჩვენოს თავისი მადლიერება, აღტაცება და სიყვარული ჩვენი კლუბისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის მიმართ". - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

იკერ კასილასმა კარიერის უმეტესი ნაწილი, 16 წელი, მადრიდის რეალში გაატარა, ჩაატარა 725 მატჩი. სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ხუთჯერ - ლა ლიგა. 

კასილასი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მეკარეა. 2010 წელს ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ორჯერ კი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. 

პორტოში კასილასი 2015 წელს გადავიდა. 156 მატჩი ჩაატარა და პორტუგალიის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. 

2019 წლის 1-ელ მაისს, ესპანელი გულის შეტევის გამო საავადმყოფოში მოხვდა, სადაც რამდენიმე დღეს დარჩა. ექიმები ამბობდნენ, რომ მისთვის მინდორზე დაბრუნება აღარ შეიძლება. 

იკერ კასილასი მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ 5-ჯერ დასახელდა. 

კომენტარები