დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ალიევი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება ამ წლის ბოლომდე შეიძლება მიიღწეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი.

"თუ სომხეთის მხარეს იქნება ნება, მაშინ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი ამ  წლის ბოლომდე შეიძლება მოეწეროს. დრო გადის. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების პირველმა შეხვედრამ წარმატება არ მოიტანა", - აღნიშნა ალიევმა. 

გუშინ, 6 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტზე სომხეთის პრემიერმინსტრს, ნიკოლ ფაშინიანს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის საუბარი შედგა

საუბრის თემა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზება იყო, ასევე, სავარაუდოდ, მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების განხილვა.

ასევე ცნობილია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი ​და ილჰამ ალიევი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდებიან.

15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია. 14 სექტემბრის 20:00-დან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა.

სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. აზერბაიჯანი სომხეთს მასშტაბური დივერსიებისა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოქმედება ამ ყველაფრის პასუხად დაიწყეს. 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ბაზებზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით. მათივე მტკიცებით, სომხური დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანული ბაზების მაკავშირებელ გზებს ნაღმავდნენ. სამინისტრო პროვოკაციაზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი იყენებდა როგორც არტილერიას, ისე უპილოტო საფრენ აპარატებს. 

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის დასახლებებზე. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალები 11 სექტემბერს, საზღვარზე, ლაჩინისა და გადაბეის რაიონებში განლაგებულ აზერბაიჯანულ სამხედრო ნაწილებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანს კვლავ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ შენაერთებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.

მსგავსი ბრალდებები 11 სექტემბრამდე 3-4 სექტემბერსაც გავრცელდა. მაშინ აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა, ერევანი კი უარყოფდა. 6 სექტემბერს კი, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს.

კომენტარები