სომხეთ-თურქეთი

პრაღაში ფაშინიანს, ერდოღანსა და ალიევს შორის პირისპირ საუბარი შედგა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტზე სომხეთის პრემიერმინსტრს, ნიკოლ ფაშინიანს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის საუბარი შედგა.

ეს ფაშინიანის და ერდოღანის პირველი პირისპირ შეხვედრაა, მას შემდეგ, რაც სომხეთი და თურქეთი გასულ წელს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის დაწყებაზე შეთანხმდნენ.

საუბრის თემა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზება იყო, ასევე, სავარაუდოდ, მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების განხილვა.

ასევე ცნობილია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი ​და ილჰამ ალიევი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდებიან.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი და სომხეთი საგანგებო წარმომადგენლებს დანიშნავენ და ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯებს განიხილავენ. მინისტრის თქმით ასევე აღდგება ჩარტერული ფრენები ერევანსა და სტამბოლს შორის.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე ყველა ნაბიჯი აზერბაიჯანთან იქნებოდა განხილული.

სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ფორმალურად დამყარებული არ არის. 1993 წლიდან ქვეყნებს შორის ჩაკეტილია სახმელეთო საზღვარი.

2009 წელს მხარეებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის ხელი მოაწერეს ციურიხის პროტოკოლებს, თუმცა შეთანხმება რატიფიცირებული არ ყოფილა და ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბული რჩება. გასულ წელს მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დროს თურქეთი მხარს უჭერდა აზერბაიჯანს და სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციაში ადანაშაულებდა.

კომენტარები