საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მან ფონ დერ ლაიენს უთხრა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს. მისივე თქმით, ამ მიზნით, საქართველო მყისიერად შეუდგა ევროკომისიის მიერ იდენტიფიცირებული 12 პრიორიტეტის შესრულებას.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომსა და მის გავლენას საქართველოსა და გარშემო რეგიონზე.
როგორც მთავრობის ადმინისტრაცია წერს, პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად ევროკავშირის მცდელობებს და საქართველოს მზადყოფნას, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
ამას გარდა, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებში შემდგომ დაახლოებასა და ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციაზე ისაუბრეს.
ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.





