იტალია

"სრული მხარდაჭერა უკრაინას" – იტალიის მომავალი პრემიერმინისტრი ზელენსკის ესაუბრა

REUTERS/Yara Nardi/File Photo

იტალიის მომავალი პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ მელონის პარტია - იტალიის ძმები წერს

პარტიის განცხადების მიხედვით, გასულ კვირას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან პირველ საუბრისას მელონიმ "ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმართავს ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა კონფლიქტი რუსეთთან დასრულდეს".

მელონი იმ მცირერიცხოვან იტალიელ პოლიტიკურ ლიდერებს შორისაა, რომელმაც მარიო დრაგის პრემიერმინისტრობისას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მელონი ოპოზიციის წევრი იყო.

მელონის საპირისპიროდ, გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების, ლიგისა და Forza Italia-ს ლიდერებს რუსეთსა და მის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო ისტორიული კავშირები აქვთ. კერძოდ, გასულ კვირას, Forza Italia-ს ლიდერმა, სილვიო ბერლუსკონიმ აღნიშნა, რომ  ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრის გარდა სხვა ალტერნატივა არ დაუტოვეს, ვინაიდან მას კიევის ხელისუფლებაში "ღირსეული ადამიანების" დასმა სურდა. ბერლუსკონის ამ განცხადებას იტალიაში არჩევნების წინ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული წარმატების შედეგად, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდება და უხელმძღვანელებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მემარჯვენე მთავრობას. 

კომენტარები