იტალია

წინასწარი შედეგებით, იტალიაში ჯორჯია მელონის პარტია ლიდერობს

Guglielmo Mangiapane/Reuters

იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული წარმატების შედეგად, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდება და უხელმძღვანელებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მემარჯვენე მთავრობას. 

ხმების თითქმის 90% უკვე დათვლილია. წინასწარი შედეგებით ირკვევა, რომ პარლამენტის ორივე პალატაში მემარჯვენე ბლოკი სოლიდურ უმრავლესობას მოიპოვებს, რაც იტალიისთვის საკმაოდ იშვიათია. ქვეყანაში წლების განმავლობაში პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზი სწორედ მყიფე კოალიციები იყო.

"თუ ჩვენ აგვირჩიეს ამ ერის მართვისთვის, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველა იტალიელისთვის, ხალხის გაერთიანების მიზნით და იმაზე ფოკუსით, რაც გვაერთიანებს და არა იმაზე, რაც გვყოფს", - აღნიშნა მან გამარჯვების შემდეგ.

ჯორჯია მელონი გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას, თუმცა მისი მკაცრი დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინის მიმართ შედარებით ახალია. ჯერ კიდევ 2018 წელს, მან რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება, როგორც "რუსი ხალხის ცალსახა ნების" გამარჯვებად შეაფასა. 

მემარჯვენე იტალიის ძმები კონსერვატიულ ალიანსში დომინირებენ. რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ იტალიის ძმებს შანსი ექნებოდათ მთავრობისთვის ეხელმძღვანელათ. პარტია სათავეს იღებს პოსტ-ფაშისტური იტალიური სოციალური მოძრაობისგან. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 2018 წელს ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ ხმების მხოლოდ 4 პროცენტის მოპოვება შეძლო. 

მელონი უარყოფს საკუთარი პარტიის პოსტფაშისტურ კავშირებს და წარმოაჩენს მას, როგორც ტრადიციულ პოლიტიკურ გაერთიანებას - ისეთივეს, როგორიცაა ბრიტანეთის კონსერვატორები. მელონიმ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს დასავლეთის პოლიტიკას უკრაინასთან დაკავშირებით.

მეორე მსხვილმა კონსერვატიულმა პარტიამ, სილვიო ბერლუსკონის Forza Italia-მ დაახლოებით 8% დააგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ვარაუდობენ, რომ მელონის ალიანსს ექნება დიდი უმრავლესობა, როგორც ზედა, ისე ქვედა პალატაში, გაერთიანების წევრებს განსხვავებული პოზიციები აქვთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელთა შეჯერებაც შესაძლოა გართულდეს.

კომენტარები