რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ ბათილად ცნო პუტინის განკარგულებები ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ანექსიის შესახებ ბათილად არის ცნობილი. 

ამის შესახებ პრეზიდენტის 4 ოქტომბრის No687/2022 განკარგულებაშია ნათქვამი.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია მის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში და უკრაინის სუვერენიტეტი ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე.

ის აღნიშნავს, რომ 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის თანახმად, უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია და ადასტურებს უკრაინის განუყოფელ სუვერენულ უფლებას აღადგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვარზე. 

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის ზოგადი საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს და უკრაინის არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე 2003 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებას, რომელიც არ შეიძლება დაირღვეს გარემოებების ფუნდამენტური ცვლილების შედეგადაც კი, ხელშეკრულებების სამართლის 1969 წლის ვენის კონვენციის 62-ე მუხლის შესაბამისად.

ზელენს ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე ოფიციალურად უარს ამბობს. ის აღნიშნავს, რომ ეს უკრაინის პასუხია პუტინისადმი, რომელმაც ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.


3 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მოახდინა უკრაინის 4 ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან შეერთების ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია. აქამდე, 30 სექტემბერს "შეთანხმებებს" ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა.

23-27 სექტემბერს მოსკოვმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩაატარა რუსეთთან შეერთების ფსევდორეფერენდუმები, რომელთა "შედეგებით" ამ ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება "გადაწყდა".

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს კი პრეტენზიები ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.

ჯერჯერობით, კრემლში ვერ ხსნიან, თუ რა ფარგლებში მოხდება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია.

"მოსკოვი განაგრძობს კონსულტაციებს რეგიონების მოსახლეობასთან". – თქვა 3 ოქტომბერს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ოკუპირებული ტერიოტორიების ანექსიის ფარგლებთან დაკავშირებით.

რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა. 

ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა. ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები