რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

კრემლი ვერ ხსნის, რა საზღვრებში გამოაცხადა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსია

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ვერ შეძლო აეხსნა, თუ რა საზღვრებში გამოაცხადა რუსეთმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია.

"მოსკოვი განაგრძობს კონსულტაციებს რეგიონების მოსახლეობასთან". - ამბობს პესკოვი. 

ანექსიის დოკუმენტებს ხელი 30 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოაწერა. მანამდე, მან ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინისგან ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, მოსკოვის კონტროლის ქვეშ ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე.

არც პუტინის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებში, არც მის განკარგულებაში და არც რეფერენდუმის კითხვებში არ არის მითითებული, რა საზღვრებში იქნება მოქცეული რეგიონის საოკუპაციო ხელმძღვანელობა. 

კრემლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს 2014 წელს რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში მიიჩნევს ანექსირებულად. გასათვალისწინებელია, რომ დონეცკის რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება კიევის კონტროლქვეშ. ამასთანავე, უკრაინის არმია წარმატებულ კონტრშეტევას ატარებს.

კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ გააგრძელებს რუსეთის კონტროლისგან ტერიტორიების გათავისუფლებას და ლეგიტიმურად არ ცნობს არც რეფერენდუმებსა და არც ანექსიას. 3 ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთის გარდა მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ უღიარებია ანექსია.

30 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიის გამოცხადებისას გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერდა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას. 

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა, პუტინთან ერთად, ხელი მოაწერეს რუსეთთან შეერთების ე.წ. დოკუმენტს.

კომენტარები